მთიულეთ-გუდამაყარი
მთიულეთ-გუდამაყარი – აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მოიცავს მდინარეების თეთრი და შავი არაგვის ხეობებს; მისი სამხრეთი საზღვარია ნასოფლარი მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხეობა და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით – გუდამაყრის ქედი, დასავლეთით – ლომისის ქედი. რეგიონის უმნიშვნელოვანესი ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანია:
ა) ლიახვისა და ქსნის ზემო დინების აუზებიდან მთიანი კახეთისაკენ გარდამავალი ბუნების ნიშნები; ჰიფსომეტრიული განვითარების, გეოლოგიური აგებულებისა და გამყინვარების მიხედვით;
ბ) კონტინეტურობის მნიშვნელოვანი ზრდა და
გ) წიწვიანი ტყეების თითქმის სრული უქონლობა. რეგიონი აგებულია იურული, ცარცული და ჰალეოგენური ნალექებით, რომლებიც უმთავრესად ფლიშური ფაციესებითაა წარმოდგენილი და მკვეთრადაა დანაოჭებული. მხარის ოროგრაფიულ ხასიათს ძირითადად საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი და განივი ეროხიული ხეობები ქმნიან. ტერიტორიის დიდი სიმაღლის, მკვეთრი დანაოჭებისა და ღრმა დანაწევრების მიუხედავად, ზემოაღნიშნულ ნალექებში მეტწილად რელიეფის შედარებით ნაზი ფორმებია განვითარებული; გამონაკლისია დიაბაზებით აგებული ჭაუხის მასივი, რომელიც დაკბილულ მწვერვალთა კომპლექსს ქმნის. მთავარი წყალგამყოფი ქედის სიმაღლე არსად არ აღემატება 4000 მ (მ. მილიონა – 3007 მ, ჩრდილო ჭაუხი – 3842 მ და სხვ.). თანამედროვე მყინვარები მხოლოდ ჭაუხის მასივზეა შემორჩენილი; მეოთხეულში კი ის გამყინვარების მძლავრი კერა იყო, საიდანაც ხეობის ტიპის მყინვარები ეშვებოდნენ.
მხარის მთავარი ოროგრაფიული ერთეულის – მთიულეთის ქედის (მდინარეების მთიულეთის და ფშავის არაგვის წყალგამყოფი) ძლიერ დანაწევრებული მთა–ხეობათა რელიეფი მეოთხეული გამყინვარების კვალს მხოლოდ მის ჩრდილო ნაწილში ატარებს. მთიულეთის აღმოსავლეთი ნაწილის – გუდამაყრისათვის დამახასიათებელია ციცაბოკალთებიანი ვიწრო და ღრმა ხეობები. გუდამაყრის არაგვის აუზის რელიეფის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო მეოთხეულის გამყინვარებამაც, რომელიც კარგადაა გამოხატული მდ. ბურსაჭირის ხეობაში.
ჰავის და ნიადაგ-მცენარეული საფარის ცვალებადობა სიმაღლებრივი ზონალურობის კანონზომიერებას ემორჩილება. ყველაზე ცივი თვის (იანვრის) საშუალო ტემპერატურა მთიულეთისა და გუდამაყრის არაგვის აუზებში, 1100 მ-დან 1900 მ-მდე - 4°, -6° , ხოლო ივლისისა 13°, 18°-ია. ნალექების წლიური ჯამი 1300-1400 მმ-მდეა. ნალექების მინიმუმი იანვარშია, მაქსიმუმი – მაისში. მთიულეთის ის ადგილები, რომლებიც 2500-2600 მ ზემოთ მდებარეობენ, ზომიერად ნოტიო და ნამდვილ ზაფხულსმოკლებული ჰავით ხასიათდებიან.
მთიანი რელიეფი და ნალექების ზომიერი რაოდენობა მდინარეთა ქსელის სიხშირეს განაპირობებს. მთავარი მდინარე – მთიულეთის არაგვი, სათავეს მთავარი ქედის კალთებზე იღებს. ფასანაურამდე მას სამხრეთ-აღმოსავლეთური მიმართულებააქვს. ეს მონაკვეთი „თეთრი არაგვის“ სახელს ატარებს, რადგანაც შავ ანუ გუდამაყრის არაგვთან შეერთების ადგილას, მდინარის წყალს თეთრი ფერი აქვს. მარცხნიდან, შავი არაგვის შეერთების შემდეგ, მდინარე ფასანაურის ქვემოთ სამხრეთის მიმართულებას იღებს და მთიულეთის არაგვის სახელს ატარებს. ზემო დინებაში ჩამონადენის მოდული საკმაოდ მაღალია – 40-50 ლ/წმ/კმ2
გაბატონებულია მთის ტყის ნიადაგების სახესხვაობები: მთის ტყის ყომრალიტიპიური, მცირე სისქის, გაეწრებული და სხვ. მთის ტყის შუა სარტყელში – მცირედა საშუალო სისქის კორდიან-კარბონატული ნიადაგებია. მთის ტყის ნიადაგები ზემოთ ჯერ კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს, ხოლო შემდეგ – მცირესისქის ქვიანი და ტორფიანი მდელოს ნიადაგებით იცვლება.
მცენარეულობა წარმოდგენილია მუხნარებით და რცხილნარ-მუხნარებით, წიფლნარებით (ფოთოლცვენა ქვეტყით), სუბალპური ტყეებით, ბუჩქნარებით, მაღალბალახეულობითა და მდელოებით, ალპური ბუჩქნარებით, მდელოებით და ხალებით, სუბნივალური და ნივალური მცენარეებით.
ძირითადი ლანდშაფტები: დაბალ და საშუალომთის მთა-ხეობათა, ყომრალ და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებზე ფართოფოთლოვანი ტყით; დაბალმთის მთა-ხეობათა, საშუალო სარტყლის მთა-ხეობათა, მაღალმთის მთა-მდელოს, მაღალმთის სუბალპური ტყე-ბუჩქნარების, მაღალმთის ალპური მდელოებისა და ხალების, გლა- ციალურ-ნივალური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.