მიათსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მჲათცელი || მჲათცილი || მჲათსელი || მჲათსილი (ვაინ. Мятцели || Мятцили || Мятсели || Мятсили) – ჭექა-ქუხილის, მიწათმოქმედებისა და კეთილდღეობის მფარველი საერთოინგუშური ღვთაება, თამიჟ-ერდისა (იხ.) და ამგალერდის (იხ.) ძმა. მისი სახელობის სალოცავი, სხვა ორ ხატთან (მჲათერ-დიელა და სუსონდიელა) ერთად, ინგუშეთის მთიანეთში, ე. წ. ტაბაკონას მთაზე მდებარეობდა. აქ ყოველწლიურად ივნისის თვის კვირა დღეს აღინიშნებოდა მჲათცელის სახელობის დღეობა, რომელშიც, ვაინახების გარდა, ოსებიც მონაწილეობდნენ. რამდენადაც სოფლიდან სალოცავამდე შორი მანძილი იყო, მლოცველები წინა დღით მიდიოდნენ. დღეობაზე ქალები მჲათსელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მათი შეურაცხყოფა ღვთაების რისხვას იწვევდა. მლოცველებს, გარდა საკვები პროდუქტებისა, მიჰყავდათ სამსხვერპლო ცხოველები (ცხვრები და თხები), მათ შორის სამწლიანი ხარი, რომლის რქებზე თეთრი ქსოვილის ნაჭერი იყო დახვეული. მლოცველები პირველად მთის ფერდობზე, ე. წ. „პატარა მჲათ-სელი“, იგივე ბაინ-სელის (სოფ. ბაინის სელას სახელობის ხატი) სალოცავთან ჩერდებოდნენ. კულტმსახურს ძირი- თად სალოცავში წასაღებად ხატიდან გამოჰქონდა მჲათ-სელის დროშა (იხ. „ბეირაღ-ი). აქ მლოცველები იწყებდნენ „რელიგიურ ცეკვას“ (ე. შილინგი) და, სნეულ ნათესავთა გამოჯანმრთელების, ვაჟის შეძენის და სხვ მიზნით, ბაინ- სელის სწირავდნენ ზვარაკს და ლოცულობდნენ; სადილობის შემდეგ, კულტმსახურის წინამძღოლობით გზას გააგრძელებდნენ და მჲათხოხის მთაზე ღამეს გაათევდნენ (ყოველ სოფელს თავისი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი). დღეობის დილას ღვთისმსახური ბეირაღს სალოცავის კედელზე მიაყუდებდა და ლუდიანი თასით ხელში აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული ლოცულობდა: „ო, ყოვლისშემ- ძლე ღმერთო, სიკეთე გვიწყალობე! სტუმარი კეთილად მოგვგვარე, მასპინძელი ბედნიერად აცხოვრე, სტუმარ-მასპინძელს წმინდა ცეცხლის დანთების ძალა მიეცი. ღმერთო, ვინც მსხვერპლი შემოგწიროს, ულევი საკვები მიეცი; მიეცი მათ, სტუმარსაც და მასპინძელსაც მემკვიდრეები, რომელთაც წმინდა ცეცხლი და ულევი კერძები ექნებათ. ის, რაც სახლში შემოდის და სოფელს აწვება, ყოველგვარი უბედურება, ბოროტი სული თუ ღვთიური ტყვია – მეხი, შენი ხმლითა და იარაღით გაანადგურე და აგვაშორე. უკეთური სტუმარი, რომელიც ჩვენს საკვებს შხამად აქცევს, ხოლო სასმელს ცეცხლად,ნურც შემოიყვან და ნურც გაიყვან ჩვენი სახლებიდან. ღმერთო, ჩვენ შენი ყმები ვართ, შენი ძროხების ხბოები ვართ, შენი ცხვრების ბატკნები ვართ. შენი მრისხანებით ძალიან ნუ შეგვაშინებ, შორს ნუ წახვალ, ნუ მიგვატოვებ! ისე მოგვიარე, როგორც დედა – შვილებს, ისე მოგვეფერ, როგორც მამა ეალერსება თავის უსაყვარლეს ვა- ჟებს; მართალ გზაზე დაგვაყენე და თუ მარ- თალ გზას ვადგივართ, დიდხანს გვამყოფე ასე, ჩვენო უზენაესო;ცხვარი და საქონელი გაგვიმრავლე, ნათესები უხვმოსავლიანი ჰყავი და მოგვეცი უფლება დიდხანს ვბეკნოთ ჩვენი მიწა; გზად მიმავალს კეთილი გზა მიეცი, შინდარჩენილს კეთილდღეობა; მოგვეცი საშუალება, მრავალი-ხარ-ცხვარი შემოგწიროთ. როგორც შეგვიძლია, ისე გევედრებით; თუ რიგიანად თხოვნა ვერ შევძელით, წყალობას ნუ მოგვაკლებ, და თუ ბევრი შემოგვედრეთ და ამით თავი მოგაბეზრეთ, ნუ განგვირისხდები. როგორც გვსურს, ისე მოგვეცი ჩვენ პური და როგორც პურს უყვარს წვიმა და მზე, ისე მიეცი მასაც; როცა ცად გაიქუხილებ, გვანიშნე, რომ ზეთოვან წვიმას ჩამოუშვებ. მოგვეცი უფლება, დღევანდელ დღეს ყოველწლიურად ბედნიერები და ჯანმრთელები შევხვდეთ. ოქროს მჲათსელი, წყალობა არ მოგვაკლო; მეზობელო ბაინ-სელი, შენც იყავი ჩვენი მწყალობელი; ღვთის სახევ თუშოლო, შენც იყავი ჩვენი მწყალობელი, ნაყოფი გვიმრავლე, ჩქარი ნაბიჯით იარე, გონიერი სიტყვით გადაეცი მამაღმერთს, ძმებთანაც (სხვა ხატებთანაც, -ნ. ა.) მიდი, სთხოვე ჩვენი კეთილდღეობა. ღმერთო, კეთილად მიიღე ჩვენი მსხვერპლი და ღიმილით დაგვიბრუნე სიკეთე, ყოვლისშემძლე ღმერთო!“ ლოცვის დროს მამაკაცები დროდადრო „ოჩჩის“ (გაუგებარია) იძახდნენ, ქალები კი მღეროდნენ („ნუ მოუშვებ ჩვენკენ ეკლიან სეტყვას, ნუ გამოგვიგზავნი მსუსხავ ყინვას, ო, ძლიერო დიელი“), რომელსაც რეფრენად გასდევდა „ჰელოჲ“.


ლიტერატურა

  • Архиев Ч. Ингушские праздники // ССКГ. Тф., 1871. Вып. V;
  • მისივე, Избранное. Магас-Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები