მიკლუხო-მაკლაი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკლუხო-მაკლაი

ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი – (რუს. Никола́й Никола́евич Миклу́хо-Макла́й, 1846–1888), რუსი ეთნოგრაფი, ანთროპოლოგი, ბიოლოგი და მოგზაური.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. შემდეგ საზღვარგარეთ ლაიფციგის და იენის უნივერსიტეტებში. მუშაობდა ცნობილ ბუნებისმეტყველ ერნსტ ჰეკელის ხელმძღვანელობით. 1866 წელს ჰეკელი გაემგზავრა მადეირასა და კანარის კუნძულებზე და თან წაიყვანა ახალგაზრდა სტუდენტი მიკლუხო-მაკლაი. იმავე წელს მიკლუხო-მაკლაიმ ინახულა მაროკო, ესპანეთი და საფრანგეთი. სამი წლის შემდეგ დაბრუნდა იგი სამშობლოში და იქ აკადემიკოს კარლ ბერის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

1870 წ. მიკლუხო-მაკლაი გაემგზავრა იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილ ახალი გვინეის კუნძულზე, სადაც მან თავისი გასაკვირველი თავშეკავებით, მამაცობით, მოხერხებულებით, ხასიათის სიმტკიცით, ჰუმანურობითა და სიმართლით სულ მალე მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის — პაპუასების ჯერ ნდობა, შემდეგ კი სიყვარული. პაპუასები მას „სიყვარულით უწოდებდნენ „ტამო რუს მაკლაი“ – „რუსი ადამიანი – მაკლაი“. მოგზაური დაუღალავად სწავლობდა პაპუასების ცხოვრებას, ენასა და ზნე-ჩვეულებებს. ახდენდა ჩახატვებს, მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს და ანთროპოლოგიურ გამოკვლევებს. მიკლუხო-მაკლაის დაუღალავი მუშაობის შედეგად ახალი გვინეის რუკაზე შეტანილი იქნა მაკლაის ნაპირი (კრუაზილის კონცხიდან მეფე ვილიამის კონცხამდე) და სხვა ადგილები. 1872 წელს მიკლუხო-მაკლაიმ, ავადმყოფობის გამო, დატოვა ახალი გვინეა. 1874 წლის ბოლოს ის კვლავ გაემგზავრა ახალ ექსპედიციაში, სახელდობრ მცირედ გამოკვლეულ მალაკის ნახევარკუნძულის ნაწილში, სადაც მან მდინარე პაჰანის სათავეებში მოახერხა მოეძებნა და აღეწერა თითქმის ამოწყვეტის პროცესში მყოფი სემანგის ტომი; აქ ამ დაბურულ ტროპიკულ ტყეების სიღრმეში მიკლუხო-მაკლაი სერიოზულად გახდა ავად მალარიით და, სნეულებისაგან ღონემიხდილი, წავიდა სინგაპურში. 1876 წლის თებერვალში ის კვლავ დაბრუნდა მაკლაის ნაპირზე თავის მეგობარ პაპუასებთან და იცხოვრა იქ 1877 წლამდე. 1881 წ. და 1883 წ. მან ინახულა შემდეგი კუნძულები: ახალი კალედონია, ახალი ჰებრიდის, სანტა-კრუცი, საადმირალოსი და შეაგროვა მნიშვნელოვანი რაოდენობის ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, ზოოლოგიური და გეოგრაფიული მასალები. 1883 წელს მესამეჯერ იყო მაკლაის ნაპირზე.

1887 წელს მიკლუხო-მაკლაიმ მეორეჯერ ინახულა ავსტრალია და იმავე წელს დაბრუნდა რუსეთში. 1888 წ. 14 აპრილს ნ. ნ. მიკლუხო-მაკლაი გარდაიცვალა.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები