ბაჟანი მიკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიკოლა ბაჟანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკოლა ბაჟანი

მიკოლა ბაჟანი − (დ. 9 ოქტომბერი (26 სექტემბერი), 1904, კამენეც-პოდოლსკი, ხმელნიცკის ოლქი — გ. 23 ნოემბერი, 1983, კიევი), უკრაინელი პოეტი-აკადემიკოსი, წლების მანძილზე უკრაინის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1968 წლიდან სსრ კავშირის მწერალთა კავშირის მდივანი, პირველი უკრაინული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, უკრაინის სსრ შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, ლენინის სამი ორდენის და სხვა ორდენების კავალერი, სოციალისტური შრომის გმირი, „დავითიანის“ და „ვეფხისტყაოსნის“ უკრაინულ ენაზე მთარგმნელი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1966).

დაიბადა 1904 წელს უკრაინის ქალაქ კამენეცკ-პოდოლსკში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, სწავლა-განათლება მიიღო უმანის გიმნაზიასა და საგარეო ურთიერთობათა კიევის ინსტიტუტში, პირველი პოეტური ნაწარმოებები გამოაქვეყნა 1923 წელს, ლექსების პირველი კრებული სამოქალაქო ომის, თემაზე 1926 წელს გამოსცა.

მიკოლა ბაჟანის შემოქმედება მრავალმხრივია ჟანრობრივად: მუშაობდა პროზაში, პოეზიაში, პუბლიცისტიკაში, პოეტური თარგმანის დარგში. ბაჟანის კალამს ეკუთვნის ლირიკულ ლექსთა კრებულები: „მეჩვიდმეტე პატრული“, (1926), „იამბი“ (1940), „კიევური ეტიუდები“ (1945), „სპარსულ კოშკებთან“ (1952), „მიცკევიჩი ოდესაში“ (1957), პოემები: „ჰამლეტის სიკვდილი“ (1932), „ვნებათა ტრილოგია (1933), „უკვდავება“ (1937), „გაფრენა გრიგალში“ (1964), პოეტური ციკლები ხალხთა მეგობრობის თემაზე — „ქართული ლექსები“, „უზბეკური ლექსები“, „ინგლისური შთაბეჭდილებანი“ — კრებული მსოფლიო მშვიდობის თემაზე; ცალკე სახსენებელია პოეტის ომისდროინდელი ნაწარმოებები: „ფიცი“, „დანიელ გალიცკი“ და „სტალინგრადული რვეული“, რომელიც 1946 წელს პრემიით აღინიშნა. ბაჟანის კალამს ეკუთვნის აგრეთვე პროზაული ნაწარმოებები: „ოთხი მოთხრობა იმედზე“, ლიტერატურული და პუბლიცისტური წერილები.

პუშკინის, ნავოის, მაიაკოვსკის, მიცკევიჩის პოეტურ ნაწარმოებთა თარგმანების გვერდით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიკოლა ბაჟანის მიერ გურამიშვილისდავითიანისა“ და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, 1966 წელს, შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, მიკოლა ბაჟანს „ვეფხისტყაოსანის“ უკრაინულ ენაზე თარგმნისათვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.

წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები