მილიტარიზმი
მილიტარიზმი - (ლათინური militaris - სამხედრო), სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების აქტიური ზრდის იდეოლოგია და პოლიტიკა. სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამხედრო და გასამხედროებული ორგანოების და ინსტიტუტების დომინირება.
ტერმინი „მილიტარიზმი“ თავდაპირველად გამოიყენეს XIX საუკუნეში საფრანგეთში ნაპოლეონ III-ის პოლიტიკური რეჟიმის დახასიათებისთვის. როგორც პოლიტიკური მოვლენა, ჩაისახა საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის სამხედრო დემოკრატიის უფრო მაღალ ფორმებში გადასვლის პირობებში და სხვადასხვა ეპოქაში ზოგიერთი თავისებურება ახასიათებდა. ამავე დროს მილიტარიზმი განვითარების ყველა ეტაპზე ხასიათდებოდა საერთო თვისებებით. მათ განეკუთვნება:
- შიდა და გარე პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობა სამხედრო ძალადობაზე, საზოგადოებაში მილიტარისტული სულისკვეთების დანერგვა, ომის „აუცილებლობის” და „სარგებლიანობის”, აგრეთვე წინააღმდეგობების სამხედრო ხერხებით გადაწყვეტის პროპაგანდა;
- ნაციონალური შეუწყნარებლობის, შოვინიზმის და რასიზმის გაღვივება;
- ჰეგემონიზმისკენ სწრაფვა;
- საზოგადოებრივ ცხოვრებაზე შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი და მდგრადი
- ზემოქმედება.
XX საუკუნეში მილიტარიზმმა თავის ევოლუციაში მიაღწია ყველაზე მაღალ საფეხურს. ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი სფერო მოიცვა და საერთაშორისო ხასიათის მოვლენად იქცა. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მაღალი ხარისხის მილიტარიზაციის ქვეყნებში მილიტარიზმის სულისკვეთების ძირითად მატარებლად არმია გვევლინება. მილიტარიზმის სისტემაში შედიან ექსტრემისტული, ნეოფაშისტური, ტერორისტული და სხვა მრავალრიცხოვანი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები.
მილიტარიზმის მატერიალური საფუძველია მილიტარიზებული ეკონომიკა, რომლის ბირთვს შეადგენენ მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და სამხედრო მონოპოლიები. მილიტარიზმის სფეროში ჩაბმულია ბევრი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის უმეტესობა. თანამედროვე მილიტარიზმის სულიერი საფუძველი არის მილიტარისტული იდეოლოგია.
მილიტარიზმი არსებობის ყველა ეტაპზე დამღუპველ ზეგავლენას ახდენდა ცივილიზაციის განვითარებაზე და სხვადასხვა ქვეყნის და ხალხისთვის სამხედრო საფრთხის შემცველი იყო. ამიტომ მასთან ბრძოლა მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.