მიმართვა (გრამატიკა)
მიმართვა – განკერძოებული სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც წინადადებაში გამოყენებულია მისამართი პირის აღსანიშნავად და გადმოიცემა წოდებით ბრუნვაში დასმული სახელით: გამარჯობა, თამარ! ვინ გნებავთ, ბატონო?..
მისამართი პირი უმეტესად ადამიანია, თუმცა პოეტურ მეტყველებაში შეიძლება იყოს სხვა (სულიერი და უსულო) საგანიც: ამიტომ მიმართვა გადმოიცემა როგორც ადამიანის საკუთარი სახელითა და ნათესაობის, წოდების, პროფესიის, თანამდებობის აღმნიშვნელი სახელებით, ისე ცხოველთა, ფრინველთა, უსულო და განყენებულ საგანთა სახელებითაც. მიმართვა რომელიც ადამიანის საკუთარი სახელით არის გადმოცემული, სალიტერატურო ენაში წოდებითი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავს.
მიმართვას წინადადებაში არა აქვს მყარი ადგილი. ის შეიძლება იდგეს წინადადების თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც. თუ მიმართვა წინადადების თავშია, ის თავისი მომყოლი სიტყვებითურთ გამოიყოფა ძახილის ნიშნით (განსაკუთრებული ექსპრესიის შემთხვევაში) ან მძიმით; თუ შუაშია – ორივე მხრიდან მძიმით. წინადადების ბოლოს მოქცეული მის წინ მძიმე იწერება, მიმართვის შემდეგ კი ის ნიშანი, რომელიც შეეფერება წინადადებას შინაარსის მიხედვით.
მიმართვის გამოყენების სფერო მრავალფეროვანია: დიალოგები, მოწოდებები, ლოზუნგები, მისალმებისა და გამომშვიდობების ფორმულები, კერძო და საქმიანი მიმოწერა, საზოგადოების წინაშე წარმოთქმული სიტყვები.
მიმართვა ენის ემოციურ სფეროს განეკუთვნება (ამ მხრივ იგი ახლოს დგას შორისდებულთან) და ინტონაციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ც. კალაძე