მიმღები სახელმწიფო
მიმღები სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ტარდება დიპლომატიური კონფერენცია, თათბირი, საერთაშორისო ორგანიზაციის სესია. განთავსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინა ან უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლობა. აღნიშნული ტერმინი დაფიქსირებულია ვენის 1969 კონვენციაში სპეციალური მისიების შესახებ; თუმცა ვენის 1961 კონვენციაში დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე, ასევე ვენის 1975 კონვენციაში სახელმწიფოთა წარმომადგენლობის შესახებ, უნივერსალური ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმღები სახელმწიფო დაფიქსირებულია როგორც „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“. სახელმწიფო, რომელიც იღებს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ხშირად მოიხსენიება როგორც „აკრედიტივების სახელმწიფო“, დიპლომატიური კონფერენციის მომწვევი სახელმწიფო – „სახელმწიფო ორგანიზატორი“ ან „მომწვევი სახელმწიფო“ და ა.შ.
მიმღებ სახელმწიფოს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მრავალმხრივი კონვენციების (ზემოაღნიშნული 1961, 1969, 1975 კონვენციები) ან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე (მაგ.: შეთანხმება შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსა და ელექტროკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციას შორის 1971. ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის შესახებ შვეიცარიაში).