მინაბოჭკობეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინაბოჭკობეტონი – არაორგანული კომპოზიტური საშენი მასალა, ფიბრობეტონის ნაირსახეობა, რომელიც შედგება ცემენტის მატრიცის, მინის ბოჭკოს, წვრილფრაქციული ქვიშის, პოლიმერის (როგორც წესი, აკრილის), წყლის, განსაზღვრული ზომის მინის ბოჭკოებისა და სპეციალური დანამატებისაგან, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან რთულ სტრუქტურას.

წარმოების პროცესში გამოიყენება მასალის დაარმირების ორი მეთოდი: მიმართული და ქაოტური. მიმართულის დროს გამოიყენება ორიენტირებული მინაბოჭკოს არმატურა, ხოლო ქაოტური დაარმირება ხდება დანაწევრებული მინის ბოჭკოების შერევით ცემენტის ხსნარში და შემდეგ გაშხეფებით ზედაპირზე. პორტლანდცემენტზე დამზადებული მინაბოჭკობეტონი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები შემდეგია:

სიმკვრივე – 1700-2250 კგ/მ3;
სიმტკიცე კუმშვაზე – 2515 მპა;
სიმტკიცე გაჭიმვაზე – 3,5 მპა;
სიმტკიცე ღუნვაზე – 17-19 მპა;
ყინვამედეგობა – 100 ციკლი;
წყალშთანთქმა – 3,5-18,9%;
წყალუჟონადობა – W6-W20.
ყინვამედეგობა – F150-F300.

მაარმირებლად მინის ბოჭკოების გამოყენება (ხისტი ფოლადის არმატურის ნაცვლად), საშუალებას იძლევა დამზადდეს რთული ფორმის კონსტრუქციები და, შესაბამისად, არასტანდარტული არქიტექტურული ფორმები.

მინაბოჭკობეტონს ახასიათებს მთელი რიგი დადებითი თვისებები, როგორიცაა: ხანგამძლეობა, უწვადობა, ეკოლოგიურობა, ბზარ-, ცეცხლ-, ცვეთა- და კოროზიამედეგობა, მაღალი დარტყმითი სიმტკიცე (10-15-ჯერ აჭარბებს კლასიკურ რკინაბეტონს), დაბალი წყალჟონადობა და შეკლების დეფორმაციები, მაღალი სიმტკიცე გაჭიმვისა და ღუნვის დეფორმაციებისას, ჭრადობა, ბურღვადობა, მედეგობა ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ და სხვ.

მინაბოჭკოსაგან დამზადებული ელემენტების სიმტკიცე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან გამოვყოთ დაარმირების პროცენტი, დამაარმირებელი ბოჭკოების სიგრძე, დაარმირების მიმართულება, დამზადების ტექნოლოგია და სხვ. უარყოფით თვისებად ითვლება ის, რომ დამზადებული კონსტრუქციის სიმტკიცე ექსპლუატაციის პირველ 2-3 წელიწადს კლებულობს, შემდეგ კი ხდება სტაბილიზაცია, თუმცა მინაბოჭკობეტონის საწყისი სიმტკიცე იმდენად მაღალია, რომ 2-3 წლის ექსპლუატაციის შემდეგაც დარჩენილი სიმტკიცე სრულიად საკმარისია კონსტრუქციის ნორმალური მუშაობისათვის.

დანიშნულების მიხედვით მინაბოჭკობეტონი არსებობს: კონსტრუქციული, ჰიდროსაიზოლაციო, დეკორატიული და სპეციალური. მის სახეობას განაპირობებს მოკლე- და გრძელბოჭკოვანი მინის არმატურის ელემენტების კომბინაცია და დამზადების ტექნოლოგია.

მშენებლობაში მინაბოჭკობეტონის გამოყენების სფეროებია: სივრცითი თხელკედლიანი კონსტრუქციები, მრავალსართულიანი ბინათმშენებლობა, სააგარაკე მშენებლობა, შენობების რეკონსტრუქცია და აღდგენა-გაძლიერება, მოპირკეთების სამუშაოები, იატაკები, საკედლე პანელები, ვენტილირებადი ფასადები, რელიეფური ცოკოლის ფილები, სენდვიჩ-პანელები, ბგერადამცავი ეკრანები, ყალიბები, დიდი დიამეტრის მილები, სადრენაჟო სისტემები და სხვ. მინაბოჭკობეტონი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უნივერსალური საშენი მასალაა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები