მინდვრის შვიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

შვიტა, მინდვრის შვიტა - (Equisetum arvense).
მეგრულადთუნთიში ჭემი, დემიში ჭემი, მაჭყვადური.

მრავალწლოვანი სპოროვანი, მხოხავ ფესურიანი, 40 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, დამუხლული, დაღარული ღრუ ღეროთი და რგოლურად განლაგებული ტოტებით. სასპორე ღეროები უფრო წვრილია, მოწითალო-მღვრიე ყავისფერი; უნაყოფო ღეროები მონაცრისფრო-მწვანე, დატოტვილი. თითოეული მუხლის ძირში განვითარებულია კბილებიანი ვაგინა, რომელიც შედგება ასიმილაციის უნარდაკარგული, შეზრდილი ერთძარღვიანი ქერქლოვანი ფოთლებისაგან. ყვ. III-V; სპორები მწიფდება VIII- IX.

თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა. იზრდება ტენიან მდელოებზე, წყლით მოსილულ ნაპირებზე, ნათესებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.

ოფიცინალურ მედიცინაში სამკურნალო ნედლეულს უნაყოფო გაზაფხულის ყლორტები (ბალახი) წარმოადგენს, რომელსაც ზაფხულის დასაწყისში აგროვებენ. შეიცავს ნახშირწყლებს (პექტინი, გალაქტოზა, გლუკოზა, მანოზა, არაბინოზა, ქსილოზა), ორგანულ მჟავებს (აკონიტის, ფუმარინის, გლუკონის, გლიცერინის, ვაშლის, მალონის, ქინაქინის, ციკორიუმის), სტეროიდებს (მათ რიცხვში ბეტა-სიტოსტერინი, კამპესტერინი, იზოფუკოსტერინი, ქოლესტერინი), საპონინებს. ლიგნინს, ფლავონოიდებს (იზოკვერციტრინი, კემპფეროლი, კვერცეტინი, ლუთეოლინი), ფენოლკარბონულ მჟავებს და მათ წარმოებულებს (კერძოდ: ვანილინის, გალის, ფერულის, კოფეინის), კაროტინოიდებს, ვიტამინ C.

ნაყენი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობების შემახორცებელი, შემკვრელი, ანტიოქსიდანტური საერთოგამაძლიერებელი მოქმედებით. გალენურ პრეპარატებს, როგორც შარდმდენ საშუალებას უნიშნავენ გულის მანკის, გულის უკმარისობის, შეშუპების (რაც გულ-ფილტვების უკმარისობასთანაა დაკავშირებული), შარდ-სადინარი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი). როგორც რემინერალიზირებულ საშუალებას უნიშნავენ ასაკოვან ადამიანებს; იჯენებენ გულ-სისხლძარღვთა და თავის ტვინის ათეროსკლეროზის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, აგრეთვე ფილტვებისა და კანის ტუბეკულოზის შემთხვევაში; ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესის პარალელურად, სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებიდან და მისი თვისებიდან (ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა) გამომდინარე უნიშნავენ ჰემოროიდალურ და საშვილოსნოდან სისხლდენებისას, ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამლვისას. ხასიათდება რა მადეზინფიცირებული მოქმედებით წყლის ნაყენს ხმარობენ გარეგანად ქრონიკული წყლულებისა და ჩირქიანი წლულების მოსაშუშებლად.

ხალხურ მედიცინაში გარეგანად იყენებენ საფენების სახით ჭრილობებზე, ლიქენის, ეგზემის ფურუნკულების და კანის სხვა დაავადებების შემთხვევაში; იხმარება პირისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ცხვირიდან სისხლდენის დროს.

ბალახის ექსტრაქტი შედის სამკურნალო პრეპარატ „მარელინის” შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებებისას.

უკუმაჩვენებელია ნეფროზით და ნეფრიტით დავადებულთათვის (ბიძინაშვილი, 2017; 2018).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები