მისათითებელი სიტყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისათითებელი სიტყვამთავარ წინადადებაში ნაცვალსახელით ან ზმნისართით გადმოცემული წინადადების წევრი, რომელსაც ხსნის და აზუსტებს დამოკიდებული წინადადება. მისათითებელი სიტყვა დამოკიდებული წინადადების ფარდი, ანუ საკორელაციო სიტყვაა, კორელატია.

დამოკიდებული წინადადების სინტაქსური ფუნქციის დადგენა, ჩვეულებრივ, მისათითებელი სიტყვის მიხედვითაც ხდება: 1.„მე რომ მიყვარდი, ის სიყვარული მოკვდავთა ენით არ გამოითქმის“ (ა. წერეთელი); 2. „მეტყველების ნიჭს ისეთივე ვარჯიშობა უნდა, როგორიც ყველაფერს სხვას“ (ი. ჭავჭავაძე); 3. „იქ, სადაც შენი გულია, სულ მუდამ გაზაფხულია“ (გ. ლეონიძე). 1,2 მაგალითებში მისათითებელი სიტყვები (ის, ისეთი) განსაზღვრებებია და მათი ამხსნელი წინადადებებიც სინტაქსური ფუნქციით განსაზღვრებითია. მე-3 მაგალითში მისათითებელი სიტყვა (იქ) ადგილის გარემოებაა და დამოკიდებული წინადადებაც ადგილის გარემოებითია. განსაზღვრებითი დამოკიდებულების შემცველ ქვეწყობილ წინადადებაში მისათითებელი სიტყვა მისამართი სიტყვის მსაზღვრელია: „მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს, კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს“ (ლ. ასათიანი) ქვემდებარული, შემასმენლური და დამატებითი დამოკიდებული წინადადებების კორელატი – ჩვენებითი ნაცვალსახელი მთავარ წინადადებაში მისამართი წევრის მაგიერადაც არის: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად“ (შოთა რუსთაველი); „ვისაც არ უყვარს მშობელი დედა, ის მის მაგიერად ვის შეიყვარებს?' (ა. წერეთელი); „მას დედის ძუძუ ტკბილი შხამადაც შერგებია, მამულისთვის სიკვდილი ვისაც დაზარებია“ (ი. ჭავჭავაძე). მისათითებელი სიტყვა შეიძლება იყოს მთავარ წინადადებაში, შეიძლება – არა. კორელატად გამოყენებულ ზმნისართს სხვაგვარად მეორე საკავშირებელსაც უწოდებენ. ამ ზმნისართის არსებობა მთავარ წინადადებაში ხშირად აუცილებელია: „რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს“, (ნ. ბარათაშვილი).

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები