მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე)

მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე)მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გური კორფილეს ძე შალამბერიძე, დაიბადა 1940 წლის 25 თებერვალს ბაღდადის რაიონ სოფელ ფერსათში. საშუალო სკოლა დაამთავრა ფერსათში. შემდეგ თავისი ძმის – ცნობილი სასულიერო პირის ვიქტორ შალამბერიძის – რჩევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს.

1971 წლის 23 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ იგი აკურთხა მღვდლად და დანიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგად. სემინარიაში იგი კითხულობდა ღვთისმეტყველების საგნებს.

1971–1974 წლებში ღვთისმსახურებას აღსრულებდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში.

1974-1978 წლებში – ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკელსიაში. მამა გიორგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში და მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს – ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.

1978 წლის 16 მარტს იგი დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად ღა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ. 1980 წლის იანვრიდან 1988 წლის ოქტომბრამდე იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი.

1988 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეული იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. მეუფე გიორგის ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა სუჯუნის, სეფიეთის, ტყვირის, მაიდანის, მარანის, აბაშის ეკლესიები. 1992 წლის 21 დეკემბერს ეპისკოპოს გიორგის ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტობა.

2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი გიორგი დადგენილ იქნა ახლადშექმნილი თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მმართველად. ახალი ეპარქია ისტორიული გაენათის ეპარქიის ნაწილს მოიცავს. მიტროპოლიტი გიორგი არის ღვთისმეტყველების დოქტორი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები