მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)

მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ირაკლი რომანის ძე მახარაძე, დაიბადა 1960 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში.

1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ინტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს.

1981-1983 წლებში, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი, მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოში, „ქართულ ფილმში“, არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სხვა.

1984 წლიდან ირაკლი მახარაძე გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

1986-88 წ.წ ჯერ კიდევ ერისკაც ირაკლი მახარაძის გარშემო შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც დავით გარეჯის ლავრის ტერიტორიაზე აღადგინეს ტერასები, გაწმინდეს წყალსაცავები და მოაწყვეს შიდა ეზო. ეს იყო სტუდენტთა ჯგუფი, რომელთა აქტიურობითაც გახმაურდა და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა გარეჯის უდაბნოში საბჭოთა სამხედრო ძალების საწვრთნელი პოლიგონის დამანგრეველი მოქმედებების შესახებ, რასაც შემდგომში პოლიგონის გაუქმება მოჰყვა.

1986-87 წ.წ. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სახარების (1.5 მX80 სმ) გადაწერა ნუსხურად ეტრატზე (ხბოს ტყავზე). დღეს თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებულია ოქროჭედური ოთხთავი, რომელშიც მათეს სახარება და მარკოზის სახარების ნაწილი მეუფე დავითის მიერ გარეჯაში გადაწერილი ხელნაწერია.

1988 წლის 23 ნოემბერს ირაკლი მახარაძე დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 25 დეკემბერს კი – მღვდლად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით (ბრძ. №181) იგი გარეჯის მონასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1991წ. 28 ოქტომბერს მამა ირაკლი სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავითის სახელით. აღკვეცის საიდუმლო სხალთის მამათა მონასტერში შესრულდა.

1992 წლის 24 მაისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დავითი (მახარაძე) წმინდა სინოდის განჩინებით ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.

24 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ დავითის ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად კურთხევა. წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე) გადაიყვანეს ბოდბის ეპარქიაში, რომელსაც განაგებდა 1993 წლის 28 აგვისტომდე.

1992-1993 წლებში მეუფე დავითი ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას.

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.

1996 წლის 25 დეკემბერს ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მაღალი სამღვდელმთავრო წოდება მიენიჭა.

1988 წლიდან მეუფე დავითი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარეა.

2003 წლის თებერვლიდან კი შეიქმნა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომლის თავმჯდომარეა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თავმჯდომარის მოადგილე კი – მეუფე დავითი.

2007 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი წმინდა სინოდის სხვა წევრებთა ერთად წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. წლების მანძილზე ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი არის საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2006 წლიდან კი გალობის ცენტრი თავმჯდომარეა.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები