მიუნხენგრეცის კონვენციები 1833
მიუნხენგრეცის კონვენციები 1833 – ხელმოწერილი იქნა ავსტრიასა და რუსეთს შორის ეგვიპტის 1831-33 კრიზისის ლიკვიდაციის შემდეგ მიუნხენგრეცში (ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია), კონვენცია, რომელიც დაიდო 6 (18) IIX, კრიზისის განმეორების შემთხვევაში ითვალისწინებდა რუსეთისა და ავსტრიის ერთობლივ მოქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნებოდა ოსმანთა იმპერიის არსებული დინასტიის მმართველობის შენარჩუნებისაკენ. კონვენციის საიდუმლო ნაწილი ითვალისწინებდა დინასტიის ჩამოგდების შემთხვევაში ერთობლივ მოქმედებათა განხორციელების აუცილებლობას. აღნიშნულ კონვენციას რუსეთის დიპლომატია მიიჩნევდა თავის გამარჯვებად, ვინაიდან თვლიდა, რომ ამით ხელს უშლიდა საფრანგეთის ექსპანსიას ასლო აღმოსავლეთისაკენ.
კონვენცია, რომელიც დაიდო 7 (19). IIX, ითვალისწინებდა თითოეული მხარის მიერ პოლონეთის სამფლობელოების გარანტირებასა და პოლიტიკურ დამნაშავეთა გადაცემას. ორივე მხარე იღებდა ურთიერთვალდებულებას, პოლონეთის მიწებზე ამბოხებათა შემთხვევაში გაეწიათ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარება. იმავე წელს მიუნხენგრეცში შეჯერებულ იქნა ხელშეკრულება, რომელსაც 3 (15). X ბერლინში ხელი მოაწერეს ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა, რომლის თანახმადაც თითოეული მონარქი კისრულობდა ვალდებულებას, დახმარებოდა ხელშეკრულების სხვა მონაწილეს საშინაო არეულობის ან გარეშე საფრთხის შემთხვევაში. აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია „სამი მონარქის შეთანხმების“ სახელით, იყო 1815-33 „წმინდა კავშირის" აღდგენის მცდელობა.