მიურცშტეგის შეთანხმება 1903

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიურცშტეგის შეთანხმება 1903 – (რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის ევროპული თურქეთის სამ ვილაიეთში რეფორმების პროექტის შესახებ). ხელი მოაწერეს 20.IX(3X) მიურცშტეგში (ავსტრია).

შეთანხმება რუსეთის მიერ ბალკანეთზე ავსტრია-უნგრეთის აგრესიული მოქმედებებისაგან თავდაცვის საშუალება იყო. ხელმოწერა დააჩქარა ილინდენის აჯანყებამ ოსმალთა უღლის წინააღმდეგ (1903). შეთანხმება, რომელიც გაფორმდა როგორც თურქეთში რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის ელჩების ინსტრუქციები, ითვალისწინებდა თურქეთის მთავრობისათვის ერთობლივი მოთხოვნების წარდგენას: ამ ვილაიეთებში თურქეთის მთავარ ინსპექტორთან დაენიშნათ „საგანგებო სამოქალაქო აგენტები რუსეთიდან და ავსტრია-უნგრეთიდან“. – რეფორმების გატარებაზე სამეთვალყურეოდ; მომხდარიყო თურქეთის ჟანდარმერიის რეორგანიზაცია, შეეცვალათ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული საზღვრები ქრისტიანული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით: გარდაექმნათ, ადმინისტრაციული და სასამართლო დაწესებულებები: ვილაიეთების მთავარ ცენტრებში შეექმნათ შერეული კომისიები ქრისტიანი და მუსლიმი დელეგატების თანაბარი შემადგენლობით და რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის საკონსულოთა წარმომადგენლების მონაწილეობით – პოლიტიკური და სისხლის სამართლის საქმეთა გასარჩევად; თურქეთის ჯარების მიერ გადამწვარი ქრისტიანული დასახლებები ერთი წლით გაეთავისუფლებინათ გადასახადებისაგან. თურქეთის მთავრობა დათანხმდა რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის მოთხოვნაზე. დაინიშნა ორივე სახელმწიფოს სამოქალაქო აგენტები 2 წლის ვადით. მოხდა ჟანდარმერიის რეორგანიზაცია. შეთანხმების დანარჩენი პუნქტების განხორციელება არ მომხდარა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები