მიქაბერიძე რუსლან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსლან მიქაბერიძე

მიქაბერიძე რუსლან — (1939−2020), ქართველი მსახიობი და პოეტი. დაიბადა ხარკოვში (უკრაინა). 1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1960-1970), მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ (1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. რუსლან მიქაბერიძის პოპულარობას არანაკლებ ზრდის ნიჭიერად დაწერილი ეპიგრამები და მახვილგონივრული ფუნაგორიები. გამოცემული აქვს კრებულები: „სულიკო” (1997 „სადღეგრძელო” (1998), „ლალე” (2000).


* * *
ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.
ჯერ რუსი შემოგვესია, მერე სხვა წამოგვისია,
სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია.
ვისია ტურფა ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცით, იქნება მართლა სხვისია.
იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.
ან ყიზილბაშის სამშობლო ბოლნისი და დმანისია,
მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისის რა კრწანისია?
არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.
რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ,
ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ
მამა-პაპათა ძვლისია.
ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები