მიწის სამუშაოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწის სამუშაოებისამშენებლო სამუშაოების კომპლექსი, რომელიც მოიცავს გრუნტის დამუშავებას (ამოღებას), გადაადგილებასა და დაგებას განსაზღვრულ ადგილზე გრუნტის შემჭიდროებით.

მიწის სამუშაოების დანიშნულებაა გრუნტისაგან საინჟინრო ნაგებობების შექმნა, როგორიცაა კაშხალი, სარკინიგზო და საავტომობილო გზა, არხი და სხვ.; აგრეთვე ნულოვანი სამუშაოების, ტერიტორიების მოსწორების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ფუჭი ქანების გადასახსნელი და სხვა სამუშაოების ჩატარება. მიწის სამუშაოები არის ღია (მიწის ზედაპირზე), მიწისქვეშა და წყალქვეშა. თანამედროვე პირობებში მიწის სამუშაოები თითქმის მთლიანად მექანიზებულია და სრულდება მაღალმწარმოებლობის მანქანებით (ექსკავატორები, სკრეპერები, ბულდოზერები, გრეიდერები), ჰიდრომექანიზაციის საშუალებებით, აფეთქებითა და სხვ.

სარჩევი

მიწის სამუშაოები აფეთქებით

სამუშაოები, რომლებიც სრულდება აფეთქებით. ის გათვალისწინებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესასრულებლად, ძირითადად საგზაო მშენებლობაში, როდესაც საჭიროა კლდოვანი გრუნტების დამუშავება. აფეთქებით მიწის სამუშაოები მიმდინარეობს მიწის დამუშავების მექანიკურ და ჰიდრავლიკურ მეთოდებთან რაციონალური შეხამებით, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს მშენებლობის პროცესს და ამცირებს მის ხანგრძლივობასა და ღირებულებას.

მიწის სამუშაოები მექანიკური მეთოდით

სამუშაოები, რომლის შესასრულებლად გამოიყენება ექსკავატორები, სკრეპერები, ბულდოზერები, გრეიდერები, გრეიდერ-ელევატორები და სხვა, გრუნტის მექანიკური წესით დასამუშავებელი მანქანები. ამოღებული (მოჭრილი) გრუნტის დაგროვება ხდება ყრილის სახით და შემდეგ ხორციელდება მისი გატანა სატრანსპორტო საშუალებებით სამშენებლო ობიექტამდე ან გააქვთ და რჩება უსარგებლო ნაყარის სახით წინასწარ მონიშნულ ადგილზე (ზოგჯერ ამ ნაყარს სარეზერვო დანიშნულება აქვს). იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა ღრმა ქვაბულის ამოღება, აუცილებელია ზედაპირული და მიწისქვეშა გრუნტის წყლების მოცილება სამუშაო ზონიდან. არხების, საავტომობილო და რკინიგზების მშენებლობის პროცესში, მოჭრილი გრუნტის გადაადგილება ხდება მოკლე მანძილებზე (200 მ-მდე), რისთვისაც გამოიყენება ექსკავატორი-დრაგლაინი გრუნტის რამდენიმეჯერ გადაყრით; თუ შორ მანძილზეა (მეტი 5 კმ-ზე) გრუნტი გადასაადგილებელი, მაშინ იყენებენ ავტოთვითმცლელებს ან რკინიგზის ტრანსპორტს; 5 კმ-მდე მანძილზე გრუნტის გადასაადგილებლად ეფექტურია თვითმავალი სკრეპერების გამოყენება ჩამჩის ტევადობით 15-25 მ3 და მოძრაობის სიჩქარით არანაკლები 15-20 კმ/სთ. სკრეპერები შეუცვლელი მანქანებია სასარგებლო ყრილების (კაშხალი, ჯებირი და მისთ.) მოსაწყობად, რადგანაც მათი მეშვეობით ხარისხიანი გრუნტი ნაწილდება ნაგებობაში ჰორიზონტალურ შრეებად (სისქით 2-50 სმ) და ერთდროულად მისი დატკეპნა-შემჭიდროება. ტერიტორიის მოსწორება, მცირე სიმაღლის ქვაბულების ამოღება, გრუნტის უკუჩაყრა, გრუნტის გადაადგილება 100-150 მ მანძილზე და მისთ. სამუშაოების შესრულება ხდება ბულდოზერების საშუალებით; თხრილების მოსაწყობად, ღრმა ქვაბულების ამოსაღებად ძირითადად გამოიყენება მრავალჩამჩიანი (სატრანშეო) და როტორული ექსკავატორები, აგრეთვე ერთჩამჩიანი ექსკავატორები დრაგლაინის ჩამჩით ან შებრუნებული ნიჩბით; გზების დაკვალვითი სამუშაოებისათვისა და პროფილის მისაცემად იყენებენ თვითმავალ გრეიდერებს, ხოლო მცირე სიღრმის არხების მოსაწყობად – ტრაქტორზე მიბმულ გრეიდერ-ელევატორებს. დაყრილი გრუნტის შემჭიდროება (დატკეპნა) წარმოებს საგორავებით, სატკეპნელი ფილებით, სატკეპნელი მანქანებით, ჰიდროვიბრატორებითა და სხვ. დატკეპვნამდე აუცილებელია მოხდეს გრუნტის წყლით დატენიანება.

მიწის სამუშაოები ჰიდრავლიკური მეთოდით (ჰიდრომექანიზაცია)

გრუნტების ტრანსპორტირება და გამორეცხვა დიდი რაოდენობის წყლის მეშვეობით უწყვეტი საწარმოო პროცესით, რომელიც ხორციელდება დიდი სიმძლავრის წყლის ტუმბოების გამოყენებით. მეთოდი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და დაბალი შრომატევადობით. სამუშაოების ღირებულება უშუალოდაა დამოკიდებული ტერიტორიის რელიეფზე, წყალმომარაგების წყაროს ობიექტიდან დაშორებასა და გრუნტის მახასიათებლებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები