მოგვთაკარის სამაროვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოგვთაკარის სამაროვანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. მცხეთის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, მთაქართლის ჩრდილოეთ კალთის ძირას.

წერილობითი წყაროებისა და არქეოლუროგიური მონაცემების მიხედვით მოგვთაკარი მცხეთის დედაქალაქობის ხანაში მისი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი იყო. ამ უბნის გაჩენა დაკავშირებულია ქართველთა მეოთხე მეფის ფარნაჯომის სახელთან. მან „მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვან მოგუთა“.

არქეოლ. გათხრები მოგვთაკარში 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1977 წელს მცხეთის მუდმივმოქმედნა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე) აქ გათხარა სამაროვანი და ნამოსახლარი. სამაროვანი თარიღდება I-III საუკუნეებით. მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

სამაროვანზე გათხრილ სამარხთა უმეტესობა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კრამიტყუთებია, ნაგებია ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტებით სახურავი ბანური ან ორფერდაა. ძირი თიხატკეპნილი ან ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტითაა მოგებული. ხელფეხმოკეცილი მიცვალებულები მარჯვენა გვერდზე ესვენა, მარჯვენა ხელი თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული, მარცხენა კი მუცელზე ედოთ. სამარხებში აღმოჩნდა: თიხის თხელკეციანი, ვარდისფრად ან ჩალისფრად გამომწვარი, კოპებით შემკული თუ სადაგვერდებიანი, ცალყურა, ყელწიბოიანი, გვერდებშეზნექილი ან ნაჭდევებიანი სამტუჩა სასმისები და კოჭობები, ავგუსტუსისა და გოტარზის მონეტები, ოქროს საყურეები, ვერცხლისა და ბრინჯაოს რგოლები, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის მძივები, რკინის დანები, სამფრთიანი ისრისწვერი, ბრინჯაოს ზარაკები და მძივსაკიდები, ირმის სახის საკიდები, რკინის ძეწკვი, ბრინჯაოს სარკე, ფერ-უმარილის სასრესი ნიჟარა ძვლის კოვზითურთ, ავგაროზი, რკინისა და ბრინჯაოს ბეჭდები. ერთი რკინის ბეჭდის სარდიონის თვალზე ამოკვეთილია ორსიტყვიანი ბერძნული ასომთავრული წარწერა.

სამარხი ნაგებობები, სამარხეული ინვენტარი და დაკრძალვის წესი (ქარონისათვის განკუთვნილი მონეტები მიცვალებულებს პირსა და ხელში ედოთ) გვიჩვენებს, რომ მოგვთაკარის სამაროვანზე დაკრძალულები უცხოელები (ბერძნები) ან ელინიზებული იბერიელები უნდა იყვნენ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები