მოთქმა
მოთქმა − მიცვალებულის დატირების წესი.
აჭარაში დამტირებელთაგან განსაკუთრებული როლი ოჯახის რძალს ეკისრებოდა. თუ დიდ სახლეულში რამდენიმე რძალი იყო, მაშინ ყველა მათგანი ცდილობდა გამორჩეულად „მოეთქვა”. პირველ რიგში მოთქვამდნენ შვილები, რძლები, შვილიშვილები, შემდეგ ახლო თუ შორეული ნათესავები. პროცესის მომწესრიგებელი თითქოსდა „სიტყვას აძლევდა” მომთქმელს: „ახლა პატარა რძალი მოგელაპარაკება დედიი” ანდა „ახლა შვილიშვილებმა უნდა იტირონ”. როცა მოთქმით ტირილი იწყებოდა, ასეთ შემთხვევაში ერთგვარი კონტროლიც კი წესდებოდა იმაზე, თუ ვინ, როგორ ტიროდა. განსაკუთრებით თვალყურს რძლებს ადევნებდნენ – ტიროდნენ თუ არა ისინი „კარგად“.
ამასთან უნდა ითქვას, რომ ქვემო აჭარაში მოთქმა-დატირების ძველი ტრადიცია ყოფაში გაცილებით უკეთ იყო დაცული, ვიდრე ზემო აჭარაში, უფრო ზუსტად, აჭარის მაღალმთიანეთის ზოგიერთ ხეობაში ხმამაღალი დატირების წესს იშვიათად მიმართავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზემო აჭარის მთელ რიგ სოფელში შემონახულია ლექსიკა, რომელიც ხმამაღალი დატირების ოდითგან არსებობის ფაქტებზე მიუთითებს. მაგალითად, ასეთები იყო მოთქმით ტირილი, ხმით ტირილი და სხვა მისთანანი. აჭარის ზოგიერთ ხეობაში ჭირისუფალი ქალები მიცვალებულის ირგვლივ ყოველთვის წრიულად კი არ სხდებოდნენ, არამედ სასვენის უკან − ოთახში გუნდურად და კომპაქტურად ლაგდებოდნენ, დაახლოებით იმ სახით, როგორც ეს მეგრულ და აფხაზურ სამგლოვიარო რიტუალში იყო მიღებული.
ადრე, სამძიმარზე მისულები მიცვალებულის სასვენს პატივისცემის მიზნით წრიულად არ უვლიდნენ, არამედ მიცვალებულის სასვენთან ჩერდებოდნენ, ჭირისუფალი ქალები ფეხზე დგებოდნენ, თუ ახლობელი იყო მოთქმით სახელითაც მოიხსენიებდნენ, მადლობას უხდიდნენ, მიცვალებულს ახასიათებდნენ და მისი კარგი ადამიანური საქმიანობიდან ეპიზოდებს იხსენებდნენ. მისამძიმრებისას კაცი თუ „ხისიმი” − ნათესავი იყო ქალებშიც შევიდოდა, ჩვეულებრივ კი კაცები − კაცებს ეტყოდნენ სამძიმარს, ხოლო ქალები − ქალებთან შევიდოდნენ და უსამძიმრებდნენ, მისვლისას თუ ახლობელი იყო „მიუტირებდნენ”.
ლიტერატურა
მგელაძე, 2002:236-256.