მონადირეთუხუცესი
მონადირეთუხუცესი - ერთიან ქართულ მონარქიაში მონადირეთუხუცესი განაგებდა სამეფო ნადირობის საქმეს, რომელიც ფეოდალურ სახელმწიფოში სამხედრო წრთვნას წარმოადგენდა და სავალდებულო საჯარო სამსახურის რანგში იყო აყვანილი.
ნადირობის სამხედრო დანიშნულება აისახა ტერმინში „ლაშქარ-ნადირობა“, რომელიც არამწარმოებელ მოსახლეობაზე შეწერილ სამხედრო ბეგარას ეწოდებოდა. ამავე დროს ნადირობა იყო ფეოდალური არისტოკრატიის დროსტარების ფორმა, რომელიც მეფის წინაშე თავის გამოჩენის და დაწინაურების საშუალებას იძლეოდა. მონადირეთუხუცესად ინიშნებოდნენ მსახურები - ფეოდალური წოდების დაბალი საფეხურის (შდრ. დას. ევროპ. მინისტერიალები) წარმომადგენლები, რომლებსაც თანამდებობა საგვარეულო პრივილეგიად ჰქონდათ ქცეული. მონადირეთუხუცესის საგამგებლოს წარმოადგენდა სამეფო ნაკრძალები და სანადირო სადგომები, რომლებსაც თავ-თავისი მეურნეობა ჰქონდათ დომენის სხვადასხვა ადგილას.
მონადირეთუხუცესის მოვალებებს შეადგენდა ნადირობის სამეფო რეგალიის მკაცრი დაცვა და კონტროლი, ნადირობის ორგანიზება - საჭირო დროსა და ადგილას მონადირეების მობილიზება, ნადირობის პროცესზე თვალყურის დევნება და მისი უსაფრთხოდ წარმართვა, მონადირეთა თვითნებობის ალაგმვა ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთა მიმართ. ამ მრავალგვარ ფუნქციას მონადირეთუხუცესი ასრულებდა ტყისმცველთუხუცესებისა და ტყისმცველების, მეძაღლეებისა და ბაზიერების დახმარებით. მონადირეთუხუცესის უწყებას ჰყოლია აბრამადიც, რომელიც თამარის გელათისადმი ბოძებულ სიგელში ტყისმცველთუხუცესის უწინარეს იხსენიება. მისი ფუნქცია, სავარაუდოდ, სანადირო სადგომების მეურნეობის გაძღოლა და ნანადირევის მოვლა-პატრონობა იქნებოდა.
მონადირეთუხუცესის გასამრჯელოს შეადგენდა: ბენეფიციუმი, რომელსაც იგი სამემკვიდრეოდ ფლობდა, ნატურალური ან ფულადი ჯამაგირი და ე.წ. „ჩადგომა“, რომელიც ძალზე მძიმე ტვირთად აწვა გლეხობას. ამიტომ მეფეები მკაცრად განსაზღვრავდნენ, სად, რომელ სოფელში და რამდენი ხნით შეიძლებოდა ჩამდგარიყვნენ მონადირენი. მაგ., მეფე დემეტრე I-ს სოფელი ქანდა შიომღვიმის მონასტრისათვის გაუცვლია სხვა სოფელში, რათა იგი მხოლოდ მონადირეთა სადგომად გამოეყენებინა. გიორგი III შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ რამდენიმე სოფელს მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში სთხოვს ბაზიერების შენახვას. დავით ნარინი ხეფინისხეველებსა და წაქველებს ათავისუფლებს მონადირეთა „ჩადგომისაგან“, მეფე საგანგებოდ აფრთხილებს ტყისმცველთუხუცესებს და ტყისმცველთ, რომ თუ რამ დარღვევას შეამჩნევდნენ შეწყალებულ სოფლებში, „შიგა ნუ ჩაუდგებიან“, „გარედან“ გადაახდევინონ დამნაშავეს საურავი.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, კახეთსა და იმერეთში მონადირეთუხუცესის განკარგულებაში ერთად ყოფილა მონადირეთა 260 სახლი, რომლებიც, როგორც ჩანს, ამავე მხარეებში არსებულ მეფეთა სანადირო სადგომებზე იქნებოდნენ მიწერილნი. ზამთრის თვეებში, გიორგობიდან თევდორობამდე, მონადირენი მონადირეთუხუცესის მეთაურობით სამეფო კარზე იმყოფებოდნენ და გადაკვეთილ ულუფას იღებდნენ.
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ აღწერილია სამეფო კარზე მონადირეთა გაცილების რიტუალი, რომელიც თევდორობის დასასრულს იმართებოდა და ძალზე არქაულ შრეებს მოიცავს. ამ დროს მონადირეებს აძლევდნენ გასამრჯელოს - 3-3 თეთრს, ხოლო ხორციელის კვირას - ექვს-ექვს ტყავს. ამის შემდეგ მწიგნობარი აღრიცხავდა მონადირე ძაღლებს, გადაარჩევდა სამეფოდ რამდენიმეს, ხოლო დანარჩენ ექვს მონადირეს გადაუნაწილებდა გამოსაკვებად და გასაზრდელად. ამის შემდეგ მონადირენი ლამპრებით ხელში მეფის, მისი სახლეულისა და ვაზირთა წინაშე წარდგებოდნენ, აქ მათ მეფე-დედოფალი და ვაზირები პურ-ღვინოს და საკლავს უბოძებდნენ. როგორც კი მონადირენი საგამგეოდან მიიღებდნენ კუთვნილ საქონელს, ანთებული ლამპრებით ხელში ფერხულს ჩააბამდნენ, შემდეგ კი თავ-თავის გზაზე წავიდოდნენ. როგორც ჩანს, ამ რიტუალის გაგრძელება ყოველთვის მშვიდობიანი არ იყო, რადგან, შეიძლებოდა, სასახლის მნეებს მონადირეებისათვის ყოველთვის სრულად ვერ მიეცათ კუთვნილი საქონელი. ასეთ შემთხვევაში მონადირეები მათ უდიერად ექცეოდნენ - „აგინებდნენ და რაც უარესია“.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მონადირეთუხუცესი მისი ზოგიერთი პრივილეგიით სამეფო კარის დიდებულ მოხელეებსაც აღემატებოდა. მაგ., საახალწლო რიტუალში, რომელშიც მრავალი არქაული ელემენტია შემორჩენილი, მონადირეთუხუცესი მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. მას ევალებოდა მეფის შემოსვა ყვითელი ფერის სამოსით, რის შემდეგაც იგი მეფეს საღვინეში უნდა გაჰყოლოდა, სადაც ტაბლასთან სვამდნენ და ველური ტახის თავს მიართმევდნენ. მეფისგან მოშორებით მონადირეთუხუცესის ხელქვეითი ტყისმცველი და მონადირენი სხდებოდნენ. მონადირეთუხუცესს მეფისათვის მწვადი უნდა მიერთმია და ეკითხა: „ხვალ საით ჰკვლენ“? (სად იქნება ნადირობა?). მეფე დაუსახელებდა ადგილს, რის შემდეგაც მონადირეთუხუცესს ღვინით შევსებულ ჭიქას უბოძებდა. მონადირეთუხუცესი მეფის წინაშე შესვამდა ღვინოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდებოდა კუთვნილ ადგილას.
საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ მონადირეთუხუცესის თანამდებობა ქრება და მის ადგილს ბაზიერთუხუცესი იკავებს. ეს ცვლილება სამეფო ნადირობის საჯარო ფუნქციის შესუსტების ტენდენციას ამჟღავნებს, თუმცა ლაშქარ-ნადირობა, როგორც სამხედრო ბეგარა, XVIII საუკუნის გასულამდე დარჩა საქართველოში. ქართლ-კახეთში მას ნიადაგი გამოეცალა 1770-იანი წლების ბოლოს, როცა ერეკლე II-მ მორიგე ჯარი შემოიღო.
წყაროები და ლიტერატურა
- ქისკ 1984: 69, 79, 168;
- ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 80, 88-89;
- ვახუშტი 1973: 22;
- იოანე ბატონიშვილი 1936: 215-216;
- ჯავახიშვილი 1982: 323-325;
- ჩხატარაიშვილი 1979: 168, 174, 187,
- ანთელავა 1983: 212-213.
- სურგულაძე 2221-223.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში