მონოთელიტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოთელიტობა - ერესი, რომელიც VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო (680-681 წ.). ამტკიცებდა, რომ ქრისტეს ორი ბუნება, მაგრამ ერთი ნება ჰქონდა (ბერძნ. მონო „ერთი“ და თელემა „ნება“).

ისტორია

მონოთელიტობის მისი აკვანი კოლხეთში - ფაზისში - დაირწა.

აქ ერთმანეთს შეხვდნენ კეისარი ჰერაკლე (ირაკლი) და ადგილობრივი მიტროპოლიტი კიროსი. ჰერაკლეს 622-628 წლებში დაეპყრო სპარსეთი, გაენადგურებინა მეფე ხოსრო და მისი ამალა, ტყვეობიდან ეხსნა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია, მასთან ერთად - ძელი ცხოველი, რომელიც დამპყრობლებს გაეტაცათ, და დიდი ალაფით დაბრუნებულა უკან. აღმოსავლეთში ის შეხვედროდა მონოფიზიტ ეპისკოპოსებს, ებაასა მათთან და მისულიყო დასკვნამდე, რომ ქრისტეს აქვს „ერთი მაცხონებელი მოქმედება“ („მია ძოოპოიოს ენერგეია“). ე.ი. ორი ბუნება გაერთიანებულია ერთ მოქმედებაში, ერთ საქმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონოენერგეიზმის ანუ ერთმოქმედებიანობის იდეას, რაც, ჰერაკლეს აზრით, იდეალური ვარიანტის როლს შეასრულებდა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგების გზაზე.

მეფემ ამ თვალსაზრისის თეორიულად ჩამოყალიბების, მეცნიერულ-საღვთისმეტყველო ფორმით წარმოჩენის მოთხოვნილება იგრძნო და შესაბამისი წინადადებით მიადგა ფაზისის - ახლანდელი ფოთის ანუ დასავლეთ საქართველოს - მამათმთავარს, ცნობილს ინტელექტით, განათლებით და რჯულშემწყნარებლობით. მასპინძელმა მოისმინა ხელმწიფის სიტყვა, დაუჯდა ჭკუაში, მაგრამ, ვიდრე გადაჭრით რამეს იტყოდა, უპირატეს იერარქს - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს სერგის - დაეკითხა. უკანასკნელმა შეუქო ინიციატივა, დალოცა იგი და სახელმძღვანელოდ გაუგზავნა მენა (მინა) კონსტანტინოპოლელის ეპისტოლე პაპ ვირგილიუსისადმი, სადაც წმიდა მამების შრომებიდან მოხმობილი იყო ციტატები ქრისტეში ერთი მოქმედებისა და ერთი ნების დასადასტურებლად. ყურადღება მახვილდებოდა გამოთქმაზე „ღმერთკაცებრივი მოქმედება“ („თეანდრიკე ენერგეია“), რომელიც გვხვდება წმ. დიონისე არეოპაგელის კორპუსში, სწორედ VI ს-ში რომ გამოჩნდა დღის სინათლეზე და ავტორიტეტი მოიხვეჭა.

სავარაუდებელია, რომ კიროს ფაზისელმა უნიონალური მოღვაწეობა კავკასიის მასშტაბით განავრცო და 630 წელს სომხეთის საკათალიკოსოსთან ხელშეკრულებას მიაღწია კონფესიურ თანხმობაზე. არ ვიცით, რამდენხანს გასტანა თანხმობამ, მაგრამ ფაქტია, რომ იმპერატორი მოიხიბლა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, - ეკუმენური იდეით, აღიარა ფაზისელის დამსახურება და იგი ალექსანდრიაში, ყველაზე ცხელ წერტილში, მონოფიზიტების ცენტრში, გადაიყვანა. დანიშნა პატრიარქად და შეთავსებით ჩააბარა ეგვიპტის განმგებლის თანამდებობა. კიროსმა იმედები გაამართლა: ითვისა მომრიგებელი მოსამართლის ფუნქცია და 633 წელს მიაღწია უნიას იქაური მონოფიზიტების მნიშვნელოვან ნაწილსა და მართლმადიდებლებს შორის. ამ აქტს, გაფორმებულს წერილობით დოკუმენტად, კიროსმა საფუძვლად დაუდო საკუთარი შრომა - „თავნი“, რომელიც 9 განყოფილებისაგან შედგებოდა; მიმოიხილავდა სამების დოგმატს და განკაცების საიდუმლოს. მე-9 ნაწილი ეძღვნებოდა ფორმულას - „ერთი ღმერთკაცებრივი მოქმედება“, რითაც წარმოჩნდა ახალი მოძღვრების - მონოთელიტობის - ძირითადი პრინციპები.

თელემა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ნებას“. მონოთელიტობა არის მოძღვრება, რომ მაცხოვარს - ერთ პირს, ერთ ჰიპოსტასს, ერთ გვამს - აქვს ერთი ნება და ერთი მოქმედება (ენერგია). ასე რომ, ეს თეორია ნებას მიიჩნევს ჰიპოსტასის და არა ბუნების ანუ არსების თვისებად. მართალია, დიოფიზიტების მსგავსად, იგი აღიარებს ორ ბუნებას ერთ ჰიპოსტასში, მაგრამ ერთმანეთისაგან თიშავს ბუნებას და ნებას; მიაჩნია, რომ ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასის შესაბამისად, ერთიანდება ღმერთკაცებრივ ნებაში, ქმედებაში, საქმეში.

ამრიგად, მივიღეთ სინკრეტული დებულება: დიოფიზიტური - ბუნების თვალსაზრისით, მონოფიზიტური - ნებისა და ქმედების მხრივ. უკანასკნელში დომინირებდა ღვთაებრივი ასპექტი. ამიტომაც იგი უფრო მონოფიზიტური იყო და ეგვიპტელმა მონოფიზიტებმაც თავი გამარჯვებულად იგრძნეს. მათი დიდი ნაწილი დაუბრუნდა ეკლესიას. მიესალმნენ აგრეთვე ქალკედონიტებიც, საბერძნეთისა და აღმოსავლეთის თითქმის ყველა იერარქი კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის მეთაურობით. ვნებები თითქოს დაცხრა, მაგრამ დროებით და ერთი შეხედვით.

VI მსოფლიო საეკლესიო კრება

კრება შედგა კონსტანტინოპოლში 680 წელს. სხდომებმა, რიცხვით 18, ერთ წელიწადს გასტანა. ესწრებოდა 153 თუ, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, 170 მამა. კრებამ აღავლინა ქება-დიდება ღირსი და ღმერთშემოსილი მამებისადმი, უკანასკნელ ჟამს გამოჩენილი წმიდანებისადმი და იწამეს ქრისტეს ორი ბუნება განუყოფელად, შეუცვალებელად, შეუზავებელად, შეურწყმელად და... ორი ნება დაუპირისპირებლად. ცხადყვეს, რომ მაცხოვრის „ადამიანური ნება უთმობს ანუ ექვემდებარება ღვთაებრივს, მაგრამ არ ისპობა მისგან“.

ამრიგად, მონოთელიტობა დაემხო და ბიზანტიაში სავსებით აღიგავა. შესაბამისი ლიტერატურა დაწვეს და აკრძალეს. წამოიწყეს დევნილება და გადასახლება. ფიქრობენ, რომ ერეტიკოსების ნაწილმა სირიას, წმ. მარონის (+400) მონასტერს, შეაფარა თავი. იქ მათ შექმნეს ცალკე საეკლესიო სტრუქტურა, რომელმაც მოიცვა აფრიკელი მონოთელიტების საზოგადოებაც. ეს ორგანიზაცია VIII -IX სს-ის მწერლებთან მარონიტების სექტის სახელითაა ცნობილი. ისინი თავიანთ თავს ხან მონოთელიტებს უწოდებდნენ, ხან მონოფიზიტებს. XIII ს-ში უარი თქვეს თავიანთ დოგმატებზე და რომის ეკლესიასთან კავშირი შეკრეს. მათი ცენტრი დღეს ლიბანშია. მიმდევართა რიცხვი 600 ათასს აღემატება. საღვთისმსახურო ენაა სირიულ-არაბული. კათოლიკებთან საერთო რწმენის მიუხედავად, ინარჩუნებენ ძველ რიტუალებს და იერარქიას. ჰყავთ პატრიარქი, რომელსაც აქვს ნომინალური ტიტული ანტიოქიელისა.


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები