მონოლითური მშენებლობა
მონოლითური მშენებლობა – შენობებისა და ნაგებობების აგების ტექნოლოგია რკინაბეტონისაგან, რომელიც საშუალებას იძლევა მოკლე დროში აშენდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმის შენობა ან ნაგებობა.
მონოლითური მშენებლობის პროცესი შედგება შემდეგი ძირითადი ტექნოლოგიური ეტაპებისაგან: არმატურის კარკასის მოწყობა, ყალიბების დაყენება, ბეტონის ჩასხმა და ზედაპირული ან სიღრმითი ვიბრაცია, ნედლი ბეტონის მოვლა და განყალიბება. მონოლითური მშენებლობააში მზიდი კარკასის მოწყობის სამი ძირითადი ვარიანტი არსებობს: მზიდი გრძივი კედლებით, მზიდი განივი კედლებითა და გადახურვებით მზიდ სვეტებზე.
ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში ხშირად გამოიყენება სტაციონალური (მოუხსნადი) ფოლადის ყალიბები. დიდი მოცულობის სამუშაოების დროს ბეტონის ნარევის ჩასხმას აწარმოებს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ბეტონის ქარხანა ან კვანძი, ხოლო მცირე მოცულობის სამუშაოებისას – ბეტონის მომზადება ხდება სამშენებლო მოედანზე. ბეტონის მისაწოდებლად გამოიყენება ამწე ან ბეტონტუმბო. მონოლითური მშენებლობა გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ტემპით, ფორმების თავისუფალი აღჩევითობით, კონსტრუქციების მთლიანობით, ნაკერებისა და პირაპირების არარსებობით, სიმტკიცით, სეისმომდგრადობით, ყინვამედეგობითა და სხვ., თუმცა სხვა ტიპის მშენებლობასთან შედარებით შრომატევადი და ძვირია.