მონღოლეთის სამშვიდობო ინიციატივა
მონღოლეთის სამშვიდობო ინიციატივა - ჩამოყალიბებულია მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დიდი სახალხო ჰურალის მიმართვაში აზიისა და წყნარი ოკეანის რაიონის ქვეყნების პარლამენტებისადმი 29. VI. 1981, ასევე 50 ქვეყნის მეთაურებისა და გაეროს გენერალური მდივნისადმი მიმართვაში. მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც სურდა აზიისა და წყნარი ოკეანის რაიონის გადაქცევა მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ზონად, სთავაზობდა კონვენციის დადებას მოცემული რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთთავდაუსხმელობის და ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასეთ კონვენციაში უნდა შესულიყო შემდეგი დებულებები: დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობა, თანასწორობა, ერთმანეთის შინაურ საქმეებში ჩაურევლობა, ძალის ანდა ძალის მუქარის გამოუყენებლობა, სადავო პრობლემების მოწესრიგება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება. კონვენცია უნდა შემუშავებულიყო ერთობლივად ყველა იმ სახელმწიფოს მიერ, რომლებიც მასში მონაწილეობას ისურვებდნენ. ამ მიზნით მონღოლეთმა წამოაყენა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების კონფერენციის მოწვევის იდეა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა მონაწილეობითი.