მოსკოვის მოლაპარაკება 1939

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის მოლაპარაკება 1939 – (საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და საფრანგეთის: ურთიერთდახმარების ხელშეკრულებისა და სამხედრო კონვენციის ხელმოწერის შესახებ), მიმდინარეობდა ივნის-აგვისტოში. ნაცისტური გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ახალი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით საბჭოთა მთავრობამ 17.IV წამოაყენა წინადადება ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებისა და სამხედრო კონვენციის ხელმოწერის შესახებ, ასევე აუცილებლად მიიჩნია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირის მიერ ამ უკანასკნელთან მოსაზღვრე აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების უშიშროების უზრუნველყოფა. თვეზე მეტი გავიდა, სანამ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო საბჭოთა კავშირის წინადადება, რომ განსახილველი ხელშეკრულების საფუძვლად დაედოთ ნაცვალგების პრინციპი და მისი მონაწილეობის თანაბარი ვალდებულებები. მაისის ბოლოს ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობები დათანხმდნენ საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე, რომელიც მიმდინარეობდა ივნის-ივლისში მოსკოვში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახკომის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლების მონაწილეობით. პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებისას ბრიტანეთის მთავრობა აჭიანურებდა თანხმობას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე სამი სახელმწიფოს გარანტიების გავრცელებაზე. შემდეგ კი ჩაშალა პოლიტიკურ მოლაპარაკებათა დასრულება იმ მოტივით, რომ უარი ეთქვა გარანტიების გავრცელებაზე ე.წ. ირიბი აგრესიის შემთხვევაში, როგორიც იყო მაგალითად, გერმანიის ჯარების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში 1939 წლის მარტში. ამით, ჰიტლერულ გერმანიას ფაქტობრივად გზა გავხსნა აღმოსავლეთში შემდგომი აგრესიისათვის, ამასთან მას გარანტირებული ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ნეიტრალიტეტი. ამ ქვეყნების პოზიციამ მოლაპარაკება ჩიხში მოაქცია. მხოლოდ ივლისის დასასრულს დათანხმდა ბრიტანეთის მთავრობა, დაეწყო მოლაპარაკება პოლიტიკურ შეთანხმებასთან ერთად სამხედრო კონვენციის დადების შესახებ, საბჭოთა მხარის აზრით, შეთანხმებას და კონვენციას ერთად უნდა შეედგინა ურთიერთდახმარების ხელშეკრულება. საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე ჩავიდნენ 12.VIII, თუმცა ლონდონისა და პარიზისათვის ცნობილი იყო, რომ ფაშისტების თავდასხმა პოლონეთზე დაგეგმილი იყო აგვისტოს ბოლოს. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მისიები დაკომპლექტებული იყო მეორეხარისხოვანი თანამდებობის პირებით, რომლებიც არ იყვნენ უფლებამოსილნი სამხედრო შეთანხმების ხელმოსაწერად და, გარდა ამისა, მათ მიღებული ჰქონდათ დირექტივები, მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ისე, რომ მათი მთავრობები არ ყოფილიყვნენ შებოჭილი რაიმე გარკვეული ვალდებულებებით. სამხედრო მოლაპარაკებების დროს საბჭოთა მხარემ წამოაყენა კონკრეტული სამხედრო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ მოქმედებებს ევროპაში ყველა შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. საბჭოთა კავშირი აპირებდა ამ შემთხვევაში ფრონტზე გამოეყვანა 120 ქვეითი და 12 კავალერიის დივიზია, 5 ათასი მძიმე იარაღი, 9-10 ათასი ტანკი, 5 ათასი სამხედრო თვითმფრინავი. ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა არ გამოთქვეს ჰიტლერული აგრესიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირთან რეალური სამხედრო თანამშრომლობის სურვილი, ანალოგიური პოზიცია დაიკავა პოლონეთმა. რომლის მთავრობამ უარი თქვა გერმანიის აგრესიის შემთხვევაში საბჭოთა ჯარების დროულად გატარებაზე პოლონეთის ტერიტორიის გავლით ასე რომ, სამხედრო მოლაპარაკებები ასევე უშედეგოდ დასრულდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები