მოძღვრიშვილი სამუელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოძღვრიშვილი სამუელ − (1913 − 1969), პოეტი. დაიბადა დაბა კულაშში (სამტრედია), ქართველი ებრაელის ოჯახში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.
- ორი მუჭა მიწა
- ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,
- ლეღვის ძირას ეგდო მწვანექოჩრიანი.
- იქვე ჩრდილში, საწუთროზე მომჩივანი,
- მოლის ნოხზე ორი კაცი იწვა
- ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,
- ლეღვის ძირას ეგდო მწვანექოჩრიანი.
- საუბრობდნენ კაცნი, სიტყვის ფიწალს
- წამოსდებდნენ ხოლმე აზრის ბურბუშელას:
- - სიკვდილს შემდეგ
- არ არსებობს ნუთუ შველა?
- არ ბრუნდება მიიცვლება ვინცა?
- ადამისძის არა ესმის იმ ცას?
- ცაა იგი თუ ლაჟვარდის ბურბუშელა?
- - ტყუილია, არ არსებობს ღმერთი!
- - მაშ, სად არის უკვდავების დასაყრდენი?
- არც იმედი, სიზმარივით ასახდენი,
- იმქვეყნიურ ქარებს აღარ ერთვის...
- - ტყუილია, არ არსებობს ღმერთი!
- - მაშ, სად არის უკვდავების დასაყრდენი?
- - ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,
- წინათ იყვნენ კაცნი ლამაზქოჩრიანნი...
- იქვე ჩრდილში, საწუთროზე მომჩივანი,
- მოლის ნოხზე ორი კაცი იწვა.
- ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,
- ლეღვის ძირას ეგდო მწვანექოჩრიანი.