მსხვილფოროვანი ბეტონი
მსხვილფოროვანი ბეტონი − ბეტონი, რომელიც მიიღება შემკვრელის (ჩვეულებრივ ცემენტის), მსხვილი შემვსების (ხრეში ან ღორღი) და წყლის ნარევის გამაგრების შედეგად (ქვიშის გარეშე). ცემენტის ქვა აკავშირებს მსხვილი შემვსების ცალკეულ მარცვლებს და ასეთ ბეტონს ზოგჯერ უქვიშოს უწოდებენ. მსხვილ შემვსებად ძირითადად გამოიყენება ფოროვანი, იშვიათად მკვრივი ხრეში ან ღორღი. ცემენტის ხარჯი 1მ3 ბეტონზე 70-150 კგ-ია. მკვრივ შემვსებზე მიღებული ბეტონის სიმკვრივეა 1700-1900 კგ/მ3, ფოროვან შემვსებზე დამზადებულის – 500-700 კგ/მ3. ბეტონის ოპტიმალური შედგენილობა განისაზღვრება სტანდარტული ნიმუშების გამოცდის შედეგებით. რადგან უქვიშო ბეტონში წარმოიქმნება ერთმანეთთან დაკავშირებული ფორები, ამიტომ ამ ბეტონისაგან აგებული შენობის კედლები თბოიზოლაციის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა შეილესოს ორივე მხრიდან. იშვიათ შემთხვევაში ნარევში შეაქვთ მცირე რაოდენობის ქვიშა, იმ ანგარიშით, რომ ცემენტის, ქვიშის და წყლის ჯამური რაოდენობა ნაკლები იყოს მსხვილი შემვსების მარცვლებს შორის ცარიელობაზე. ასეთ ბეტონს მცირექვიშიანს უწოდებენ.