მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის“ – (უნგრ. Zene húros hangszerekre, ütőkre és cselesztára), ბელა ბარტოკის ნაწარმოები კამერული ორკესტრისთვის. „მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის“ დაიწერა 1936 წელს და პირველად შესრულდა ბაზელში 1937 წელს ბაზელის კამერული ორკესტრის მიერ პოლ ზახერის დირიჟორობით.

მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის ოთხნაწილიანი ციკლია, რომელშიც ვხვდებით ქრომატული, თორმეტტონიანი ტონალობის და ფოლკლორული ელემენტების (კილო-ინტონაციური სფერო და რიტმი), რთული პოლიფონიური ფაქტურის და დიატონური ჰარმონიული ენის უჩვეულო სინთეზს. ძალზე საინტერესოა ნაწარმოების საორკესტრო პალიტრა, რომლის მრავალფეროვნება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით მიიღწევა: სიმებიანი საკრავები ჟღერადობით ხშირად დასარტყამებს და ჩასაბერებს უახლოვდებიან; ფართოდაა წარმოდგენილი უჩვეულო შეხამებები – მაგალითად, ფორტეპიანოს „დარტყმები“ სიმებიანთა pizzicato-სთან ერთად, სიმებიანების და ტიმპანების გადაძახილები; სიმებიანების და დასარტყამების არატრადიციული არტიკულაციით ჩასაბერების კომპენსირება და სხვ.

მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის პირველი ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სიმებიანები ასრულებენ, პირქუშ ქრომატულ თემაზე დაწერილი ფუგაა. ნაწილი ხასიათდება მკაცრი პოლიფონიური ლოგიკით, ფორმის მთლიანობით და მუსიკალური ქსოვილის ტოტალური თემატიზაციით (ფუგის ინტერმედიებიც თემის ინტონაციებზეა აგებული). აქვე უნდა აღინიშნოს ფუგის თემის მნიშვნელობა მთელი ციკლისთვის. რიტმულად და კილოურად მოდიფიცირებული სახით იგი ციკლის სხვა ნაწილებშიც გვხვდება. ამგვარად, აქაც, მეხუთე კვარტეტის მსგავსად, ნაწილებს შორის ფართო მონოთემატური კავშირები გამოიყენება.

პირველი ნაწილის ღრმად სუბიექტურ და ერთგვაროვან ხასიათს უპირისპირდება სონატური ფორმით დაწერილი მეორე ნაწილი (Allegro). მასში ერთმანეთს აქტიურად უპირისპირდება სიხარული და შფოთვა, აქტიური მოქმედება და უდარდელი თამაში. მეორე ნაწილის თემატიზმი ავლენს მჭიდრო კავშირს ფოლკლორულ წყაროებთან. ცხადია, აქ, ისევე როგორც ბარტოკის სხვა ნაწარმოებებში, არ გამოიყენება კონკრეტული ფოლკლორული ციტატები, არამედ უნგრული ფოლკლორისთვის დამახასიათებელი კილოები და ცალკეული ინტონაციები დომინირებს. ამასთანავე, მეორე ნაწილის ორივე თემა (მთავარი და დამხმარე) პირველი ნაწილის, ფუგის თემიდანაა ამოზრდილი.

ციკლის მესამე ნაწილი (Adagio) ბარტოკის ესთეტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ მხატვრულ სახეს, ე.წ. ღამის მუსიკას წარმოადგენს. იგი კონცენტრული ფორმითაა დაწერილი, სადაც უპირატესობა არა თემატური დამუშავების პრინციპს, არამედ ტემბრულ-არტიკულაციურ გამომგონებლობას ენიჭება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბარტოკის მრავალ ნაწარმოებში გამოყენებული კონცენტრული ფორმა (ABCBA) აქ მოდიფიცირებული სახითაა მოცემული, გაფართოებული შუა ეპიზოდით (ABCDBA).

მუსიკას სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის აგვირგვინებს ჟანრული ფინალი, რომელშიც საცეკვაო რიტმები დომინირებს. გვხვდება, ხალხური ფერხულების ჟღერადობის იმიტირებაც.

ბარტოკის მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის ნოვატორული ნაწარმოებია, რაზეც განსაკუთრებით მკაფიოდ მეტყველებს მისი უჩვეულო შემადგენლობა და არანაკლებ თავისებური განლაგება სცენაზე (სიმებიანები ორ ჯგუფადაა გაყოფილი და სცენის ორ მხარეს განაწილებული, დასარტყამები და კლავიშიანები კი – ცენტრშია განთავსებული), რაც ამ საორკესტრო პარტიტურის სტერეოფონულ ჟღერადობას უზრუნველყოფს.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები