მუსხელიშვილი როსტომ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი – ( 31.12.1888-20.05.1923), ქართველი სამხედრო ოფიცერი, კავალერისტი. რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი. საქართველოს ეროვნული გმირი.

დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემია.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლამდე მსახურობდა კავკასიის ფრონტზე, 39-ე საარტილერიო ბრიგადაში.

სამხედრო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV და III (1915 წ.), წმ. სტანისლავის II ხარისხის (1916 წ.) ორდენებით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. ეკავა სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობა. 1921 წლის თებერვლისათვის იყო ბათუმის რაზმის შტაბის უფროსი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში. იყო დივიზიის შტაბის უფროსი, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის” წევრი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას. ეს გეგმა უნდა აესრულებინათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილისა და ლაშქარაშვილის რაზმებს.

1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კალე მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. (ზოგი წყაროს მიხედვით დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ შემადგენლობა პოლკოვნიკმა ნარეკელაძემ გასცა).

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი როსტომ მუსხელიშვილი და ,,სამხედრო ცენტრის“ სხვა 14 წევრი. ,,ЧК"-ს სპეციალურმა კოლეგიამ, ე.წ. ,,ტროიკამ“, ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე მათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის” ტერიტორიაზე. მასთან ერთად დახვრიტეს: გენერლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი და სხვა ქართველი ოფიცრები.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 4 ივლისის N04/07/02 განკარგულებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები