მუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული გიგანტური მუხა

მუხა – (ლათ. Quercus), ფოთლოვან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. მუხა ძვირფასი საშენი მასალაა. მისი მერქანი ნაცრისფერ-ყავისფერია და გამოირჩევა სიმტკიცით, სიმაგრით, სიმკვრივითა და სიმძიმით. მკვეთრად აქვს გამოხატული გულგულას სხივები, წლიური რგოლები და რადიალური წყლის სავალი გზები. გული მუქი ფერისაა და საგრძნობლად განსხვავდება ნაქურთენისაგან. სიმკვრივე 540-900 კგ/მ3. სიცოცხლის ხანგრძლივობა – 500 წლამდე. მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ, რის გამოც მიზანშეწონილია მისი გამოყენება ხიდებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, მიწისქვეშა და წყლისქვეშა ნაგებობებში, გემთ- და მანქანათმშენებლობაში და სხვ. ტექსტურა მეტად ლამაზია, ადვილად მუშავდება, იხერხება და იღებება. არსებობს მისი 600-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი – სამხრეთ ამერიკაში. კავკასიაში 18-მდე სახეობაა, საქართველოში – 9 (ხართვისის, ჭალის, იმერული, პონტის, ქართული, აღმოსავლური, ჭოროხის, კორპის, წაბლისფოთოლა).

საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხაფს. იგი 20-28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო-მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700-2400 მ სიმაღლეზე და სამხრეთის მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. მისი ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. დანარჩენი ჯიშები გავრცელებულია მდინარეების მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნისა და მათი შენაკადების ჭალებში, ტერასებზე, დაბლობებში, ხევებსა და ტაფობებში.

მუხა სითბოსა და სინათლის მოყვარულია, საკმაოდ ყინვაგამძლეა. აქვს მაღალი ღირსების მერქანი. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ზედების, სადებების, ქვესადებების, შუასადებების, წირწკიმალების, სოგმანების, პარკეტის, კარ-ფანჯრებისა დასამზადელად, აგრეთვე მდიდრული სასახლეების ინტერიერების მოსაპირკეთებლად. მუხის მერქანს, მაღალი ფასის გამო, სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად არ იყენებენ. ძველ საბერძნეთში მუხა იყო ზევსისა და ჰერაკლეს თაყვანისცემის, აგრეთვე სულიერი და ფიზიკური ძალის დღეგრძელობის სიმბოლო. მუხის ტოტი განასახიერებდა ძალას, სიძლიერესა და პოპულარობას. ტოტებისაგან დამზადებული გვირგვინებით ამკობდნენ ყველაზე გულადი მეომრების საფლავებს. მასიური მუხის ხე ითვლებოდა ზევსის სკულპტურად. ძველ რომში მუხა იყო იუპიტერის თაყვანისცემის სიმბოლო, ხოლო რკოს იუპიტერის ნაყოფს უწოდებდნენ. თუ რომელიმე ადამიანი რომის მოქალაქეს სიკვდილისაგან გადაარჩენდა, მას აჯილდოებდნენ მუხის ტოტებისაგან მოწნული გვირგვინით. ძველ ტევტონებსა და ლიტველებში მუხა ითვლებოდა ჭექა-ქუხილის ღმერთად, რომელიც მოსახლეობას უგზავნიდა წვიმას მიწის გასანაყოფიერებლად. კელტები მუხას ხედავდნენ ამტანობისა და გამარჯვების სიმბოლოს. გალებს მუხა მიაჩნდათ დედამიწის ღერძად. რევოლუციური ეპოქის საფრანგეთში მუხა იყო იმედისა და თავისუფლების სიმბოლო. მისი მოჭრა კანონით აკრძალული იყო. მუხის ვარჯის ქვეშ ხდებოდა ფასიანი ქაღალდებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა და ბეჭდის დასმა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები