მყივანი გედი
მყივანი გედი (ლათ. Cygnus cygnus Linnaeus, 1758) ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 580-660 მმ-ია, ნისკარტი – 90-110 მმ, წონა – 7-10 კგ. აღწერილია 12,7 კგ-ნი ფრინველიც. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. საჭის კიდურა ბუმბულები მხოლოდ 45-60 მმ-ით მოკლეა შუა წყვილზე. ორივე სქესის ზრდასრული ფრინველი ქათქათა თეთრია. შუბლის ძირში ნისკარტზე გამობურცულობა არაა. ნისკარტის ძირითადი ნაწილი ნესტოებამდე ჩათვლით ყვითელი ან მოწითალო-ყვითელია, ხოლო წვეროს ნაწილი, მათ შორის „ფრჩხილაკიც“, შავია. შავია ფეხებიც. ახალგაზრდა ფრინველი ზემოდან მოკვამლისფრო-რუხია, ხოლო ქვემოდან – თეთრი. თავი და კისერი ღია მურა ფერისაა. ნისკარტი ძირში მოწაბლისფრო-წითელია, ფეხები – მორუხო-წითელი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კონტინენტური მყივანი გედი – C. c. cygnus Linn., 1758.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა თვითონ ფრინველის რიცხობრიობა მცირეა. მოიპოვება ისლანდიიდან, ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილებში, აღმოსავლეთით ბერინგის ზღვამდე, კამჩატკისა და სახალინის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი ძირითადად ემთხვევა ტყის ზონას, ხოლო სამხრეთით პატარა იზოლირებული ბუდობები გაფანტულია ონეგის ტბის, მდ. კამის ზემო დინების, კასპიის ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროების, ბალხაშისა და ბაიკალის ტბებზე. არის მანჯურიასა და იაპონიაში. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, წინა აზიაში, კასპიის ზღვის სანაპიროებზე, სამხრეთ, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის დროს. დასავლეთ საქართველოში ხშირად გვხვდება ზამთარშიც.
ბიოტოპი
გაშლილი, ვრცელი წყალსატევები, რომელთა ნაპირები უხვადაა დაფარული წყლის მცენარეულობით. ზოგან გვხვდება წყალსატევებზე დასახლებული პუნქტების მახლობლადაც.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. წყვილები წარმოიქმნება ხანგრძლივი დროით, რამდენიმე წლით მაინც. ბუდობს მშრალ ადგილებში, ლელის ჩალეწილ ბურბუშელაზე. ბუდე ამოფენილია ხმელი ლელის ან სხვა მცენარეთა ფოთლებით, აგრეთვე ბუმბულით. მაისში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 35-40 დღემდე გრძელდება.
კვება
მართვეები იკვებებიან უპირატესად წყლის ორგანიზმებითა და მათი ლარვებით, რომელთაც პოულობენ წყალსატევების სანაპიროს მახლობლად. ზრდასრული ფრინველები, გარდა ამისა, ჭამენ მცენარეულობასაც.
მნიშვნელობა
წინათ ჰქონდა სარეწაო მნიშვნელობა. გამოიყენებოდა უპირატესად ტყავი და ბუმბული, რადგან ხორცი მაგარი და დაბალი ღირსებისაა. ამჟამად მცირერიცხოვნობის გამო, სარეწაო მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორც დეკორატიული ფრინველი, ფართოდ გამოიყენება პატარა აუზებშიც კი.