მშველიძე შალვა
შალვა მშველიძე – (15. V. 1904, თბილისი – 4. III. 1984, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1958). სსრკ სახელმწიფო (1941, 1947) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1971) პრემიების, აგრეთვე ინდოეთის ჯ. ნერუს სახელობის პრემიის (1973) ლაურეატი.
1930 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (მ. ბაგრინოვსკის საკომპოზიციო კლასი). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში, ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია. აღსანიშნავია აგრეთვე მისი ღრმად ეროვნული საგუნდო და საოპერო შემოქმედება. მშველიძემ მრავალი სტილისტური სიახლე შეიტანა ქართულ მუსიკაში, კერძოდ, დაამკვიდრა საქართველოს „მთის“ ფოლკლორისათვის დამახასიათებელი ინტონაციურ-ჰარმონიული პლასტი. 1929-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1942-იდან პროფესორი). სხვადასხვა დროს მუშაობდა კონსერვატორიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (კათედრის გამგე, დირექტორი). საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. 1941-51 იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
მისი ნაწარმოებებია: ოპერები „ამბავი ტარიელისა“ (1946), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), ორატორიები – „კავკასიონი“ (1949), „მარადი თქმულება“ (1970); 6 სიმფონია, ქართული სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი მწვერვალი – სიმფონიური პოემა – „ზვიადაური“ (1940), აგრეთვე „მინდია“ (1950); აღსანიშნავია სიმფონიური სურათები – „აზარი“, „ფშაური“, „მზის ამოსვლა“ სიმფონიური სიუიტები: „პოლიფონიური“ და „ინდური“ (1955), მშველიძეს ეკუთვნის აგრეთვე სიმღერების კრებული, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოსათვის, ფუნდამენტური სახელმძღვანელო „საკრავთმცოდნეობა“ (თბ. 1965).
ა. წულიკიძე