მშობიარობის შემდგომი გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობა
მშობიარობის შემდგომი გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობა (maternity blues) - აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია მშობიარობის შემდგომ პერიოდთან. იმ ქალებს, რომელთაც ჯანმრთელი შვილი უჩნდებათ, ხშირად (შემთხვევათა ნახევრიდან ორ მესამედამდე) აღენიშნებათ გაღიზიანებადობის, ლაბილური გუნებ-განწყობისა და ტირილის ხანმოკლე ეპიზოდები. განსაკუთრებით დამახასიათებელია გუნებ-განწყობის ლაბილობა, რომელიც გვხვდება სწრაფად ცვალებადი ფორმით. ის მერყეობს ეიფორიასა და უბედურების განცდას შორის.
სიმპტომები პიკს აღწევს მშობიარობიდან მესამე ან მეოთხე დღეს.
პაციენტები ხშირად უჩივიან დაბნეულობას, მაგრამ კოგნიტური ფუნქციონირების ტესტებზე მათი მაჩვენებლები ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს ცრემლიანობა ახასიათებთ, ისინი ტირილის მომენტში არ გრძნობენ თავს დეპრესიულად, მაგრამ დაძაბულნი და გაღიზიანებულნი არიან.
გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება პირველ მშობიარეებს შორის. ეს მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მშობიარობასთან დაკავშირებულ გართულებებზე ან ანესთეზიაზე. პაციენტები ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ხშირად განიცდიან შფოთვას და დეპრესიული სიმპტომები ახასიათებთ. მათი ისტორია მიუთითებს პრემენსტრუალურ დაძაბულობაზე, მშობიარობის შიშსა და ცუდ სოციალურ ადაპტაციაზე.
ემოციური მდგომარეობის ცვალებადობის დრო და სიხშირე გვაფიქრებინებს, რომ ის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მშობიარობის შემდგომ ჰორმონულ ცვლილებებთან, თუმცა, ეს არ არის დამტკიცებული. ამ დროს არ არის საჭირო მკურნალობის ჩატარება, რადგან მდგომარეობა სპონტანურად რეგულირდება რამდენიმე დღის განმავლობაში.