მცირე ბატასინი
მცირე ბატასინი (ლათ. Mergus albellus Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 178-205 მმ-ია, ნისკარტი − 25-30 მმ, წონა – 550-750 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული შეფერილობაშიც. მამლის შეფერილობაში ჭარბობს თეთრი ფერი. პირის კუთხეებთან და თვალების ირგვლივ დიდი მომრგვალო ფორმის შავი ლაქებია, მომწვანო ელვარებით. ასეთივე ფერის სამკუთხა ლაქებია კეფაზე, წაგრძელებული ბუმბულების ქვეშ. მკერდის ორივე მხარეს ზურგის მხრიდან ვიწრო შავი ზოლები ეშვება. შავია ზურგი, მხრის ბუმბულების გარეთა კიდეები, ფრთების დიდი მფარავები და მომქნევები. კუდის ზედა ბუმბულები მუქი რუხია. სხეულის გვერდებზე არის ვიწრო ტალღისებური რუხი განივი ზოლები. კუდი რუხია. სხეულის დანარჩენი დორსალური და მთელი ვენტრალური მხარე თეთრია. დედალს თავი ზემოდან და კისერი უკანა მხარეს მოქარცისფრო-მურა აქვს. ყელი და კისრის წინა მხარე – თეთრი. კეფაზე პატარა ქოჩორია. მთელი დორსალური მხარე რუხია, ჩიჩახვი, გვერდები და მუცელი – თეთრი. ნისკარტი ტყვიისფერია, ფეხები – მონაცრისფრო.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთით სკანდინავიიდან, აღმოსავლეთით კამჩატკისა და სახალინის ჩათვლით. სამხრეთით ბუდობს შვეციის ჩრდილოეთ ნაწილში, ონეგის ტბაზე, რიბინსკის წყალსაცავზე, ტიუმენში, ლენის ზემო დინებასა და სახალინზე. იზოლირებული ბუდობები არის ილმენის ტბაზე, დნეპრის ქვემო დინებასა და ყაზახეთში. ზამთრობს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებზე, თითქმის მთელ შუა და სამხრეთ ევროპაში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, სამხრეთ უკრაინაში, შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებზე, ირანში, პაკისტანში, შუა აზიაში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ჩინეთის, კორეისა და იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილებში. საქართველოში ცნობილია, როგორც მოზამთრე ფრინველი – შავ ზღვაზე, ხოლო მიმოფრენის დროს – შიდა წყალსატევებზეც.
ბიოტოპი
ბუდობის დროს ეტანება ცხოველური საკვებით მდიდარ დიდ და მდორე მდინარეებს, ტბებს, ტყიანი ნაპირებითა და ჭალებით. მიმოფრენის დროს მოიპოვება ნაირგვარი ტიპის წყალსატევებზე, ხოლო ზამთრობით უპირატესობას ანიჭებს ზღვის თხელწყლიან სანაპიროებსა და მდორე შესართავებს.
გამრავლება
მცირე ბატასინი, როგორც წესი, ბუდობს ხის ფუღუროში, ყოველგვარი ამონაფენის გარეშე. ხალისით იყენებს ბუდობისათვის ხეზე დაკიდებულ ყუთებსაც. მაისის პირველი რიცხვებიდან დებს 8-10 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება.
კვება
უმთავრესად წყლის მწერებითა და თევზებით იკვებება.
მნიშვნელობა
სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.