მცირე ჩვამა
მცირე ჩვამა (ლათ. Phalacrocorax pygmaeus Pallas, 1773) – ჩვამებს შორის ყველაზე პატარა ზომისაა, ფრთა 200-215 მმ-ია, ნისკარტი 28-32 მმ, წონა – 800 გ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით დედალი არ განსხვავდება მამლისაგან, მაგრამ არის ასაკობრივი და სეზონური განსხვავება. ზრდასრული ფრინველი თავსა და კისერზე მურა-შოკოლადისფერია; თვალების ირგვლივ არის პატარა თეთრი ბუმბულები, ხოლო შუბლის ძირში – მოკლე ჯაგრისებური ბუმბულები. დანარჩენი ბუმბულსაფარველი ძირითადად შავია, მკრთალი მომწვანო ელფერით. მხრებისა და ფრთების ზემო მფარავები მონაცრისფრო-შავია. გაზაფხულზე მთელ ტანზე გაბნეულია ბალნისმაგვარი თეთრი ბუმბულები. გამრავლების პერიოდში თავი ზემოდან და კისერი მურა ფერისაა, ზურგი და სხეულის გვერდები უფრო მუქი მურაა. ზურგის წინა ნაწილის ბუმბულებს აქვთ ღია მურა ფერის არშიები. მუცლის მხარე მოთეთროა, განსაკუთრებით მუცლის შუა ნაწილში, ხოლო მკერდსა და ჩიჩახვზე არის მურა-მოქარცისფრო ლაქები. იანვრის თვეში ჩიჩახვის გვერდებზე შეიმჩნევა წვეთის ფორმის რამდენიმე თეთრი ბუმბული. ნისკარტი მუქია, ხოლო ფეხები – შავი.
სარჩევი |
გავრცელება
სსრ კავშირის ფარგლებში ბუდობს კასპიის ზღვაზე, მეტწილად მდინარეთა შესართავებთან, აგრეთვე სირდარიისა და ამუდარიის აუზებში, არალის ზღვაზე. იზოლირებული კოლონია ცნობილია სევანის ტბაზე. შავ ზღვაზე დადგენილია ბინადრობა დუნაის შესართავთან. სსრკ ფარგლებს გარეთ მოიპოვება მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, ერაყსა და ირანში. მრავალგანაა ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. თითქმის ყველგან მობინადრეა. საქართველოშიც ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ზღვების სანაპიროებზე, აგრეთვე თევზებით მდიდარ დამდგარი წყალსატევების ან მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, სადაც კარგად არის განვითარებული ტყე და წყლის მცენარეულობა, ხოლო წყალი სუფთა და გამჭვირვალეა.
გამრავლება
ბუდობს ხეებზე ან ლელიანში. რიცხვმრავალ კოლონიას არ წარმოქმნის, მაგრამ არ გაურბის სხვა ფრინველების მეზობლობას. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
კვება
მცირე ჩვამას ძირითადი საკვები თევზებია. იკვებება წვრილი კიბოსნაირებითაც.
მნიშვნელობა
პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.