მწვანე კოდალა
მწვანე კოდალა (ლათ. Picus viridis Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მწვანე კოდალა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − კოდალასნაირნი (Piciformes)
- ოჯახი − კოდალასებრნი (Picidae)
- გვარი − მწვანე კოდალა (Picus)
მწვანე კოდალა საშუალო სიდიდის კოდალაა, ფრთა 150-170 მმ-ია, კუდი – 105-116 მმ, წონა – 185-250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, ან უმნიშვნელოა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი-მწვანეა, კუდის ზედა მფარავები – ელვარე ყვითელი. თავი ზემოდან და კისრის წინა ნაწილი – წითელი, შუბლი და ზოლები თვალების ირგვლივ – შავი. პირის კუთხეებთან იწყება და თავის გვერდებისაკენ ულვაშის მსგავსად მიემართება შავი ზოლი, რომელზედაც წითელი წინწკლებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა, ღია განივი ზოლებით. მუცლის მხარე მომწვანო-თეთრია, მკერდსა და მუცელზე არამკვეთრი მუქი ლაქებით. სხეულის გვერდებზე, კუდის ქვემო მფარავებზე და წვივებზე მურა განივი ზოლებია. ნისკარტი მორუხო-შავია, ფეხები – მურა-რუხი. დედალს შავ „ულვაშებზე“ არა აქვს წითელი წინწკლები, ხოლო მუცლის მხარეზე მუქი სიჭრელე უფრო მკვეთრია.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული მწვანე კოდალა – P. v. karelini Brandt, 1841.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ფოთლოვან, ნაწილობრივ შერეულ ტყეებს პირენეიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან, ჩრდილოეთით დიდ ბრიტანეთამდე და სკანდინავიაში – 69-ე პარალელამდე. სსრ კავშირში – ჩრდილოეთით კოსტრომამდე, ყაზანამდე და შუა ვოლგისპირეთამდე; სამხრეთით – ხარკოვის ოლქი, დნეპრის ჭორომიანი ნაწილი და კავკასია. მოიპოვება თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანშიც. საქართველოში მობინადრეა.
ბიოტოპი
გამრავლების დროს ფოთლოვანი, ზოგჯერ შერეული ტყეები, ტყის კორომები; საკვებად გამოდის ტყის მახლობელ ბაღებში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ლპობადი ხეების ფუღუროებში. მაისის პირველ ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება.
კვება
მწვანე კოდალას ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიანჭველები და მათი კვერცხები. ჭამს ქსილოფაგ მწერებს, ზოგჯერ მცენარეთა კვირტებსაც.
მნიშვნელობა
ტყის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია.