მწვანულების ოჯახი
ტუჩიანების ანუ მწვანულების ოჯახი − Labridae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: მწვანულასებრნი
თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულია, ბევრი მათგანის გვერდები შებრტყელებული და ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული. ზურგის ერთი გრძელი ფარფლი აქვს, რომლის წინა განყოფილება წვრილი ქიცვიანი სხივებითაა აღჭურვილი. ანალური ფარფლი 2-6 ქიცვიან სხივს შეიცავს, მუცლის ფარფლები, მკერდის ფარფლების ქვეშ ან ოდნავ მათ უკან სხედან. წინაპირიანია, ტუჩები, ჩვეულებრივ, მსხვილია, რომლებსაც გასწვრივ ნაოჭები აქვს. ყბებზე წინა კბილები ყოველთვის ძლიერი, ეშვისებურია. გვერდითი კბილები თავიანთი ფუძეებით ერთმანეთს არ უკავშირდებიან. ხახის ქვედა ძვლები ერთადაა შერწყმული, რომელზედაც კონუსისებური ან ბორცვისებური კბილები სხედან.
მრავალი სახე ძლიერ მკვეთრი შეფერილობით ხასიათდება, ზოგიერთები ბუდეს აგებენ, სადაც ქვირითს დეზენ.
ტუჩიანები უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული ზღვების სანაპიროს მახლობელ ნაწილებში. ისინი ევროპის სანაპიროების გასწვრივ და ზომიერ ზღვებში შედიან. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში შავ და აზოვის ზღვებში გვხვდებიან.
ტუჩიანების ოჯახში მრავალი გვარი და 400-მდე სახეა გაერთიანებული. საქართველოს შავი ზღვის წყლებში მოიპოვება ერთი გვარი, ერთი სახით.