მწიგნობრობა
სამწიგნობრო ხელოვნება - მწერლობას, წერა-კითხვას და მწერლობითს განათლებას ძველ საქართველოში „მწიგნობრობა“ ეწოდებოდა.
სამწიგნობრო ხელოვნებას თავისი დიდი და საგულისხმო თავგადასავალი აქვს, რომლის ცოდნა აუცილებელია ადამიანის სულიერი კულტურის ყოველი მკვლევარისათვის და განათლებულ მკითხველსაც მისი ცოდნა კაცობრიობის წარმატების ერთ თვალსაჩინო და უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას გადაუშლის თვალწინ. სამწერლობო ხელოვნების ისტორიის განხილვის დროს, უნდა სამი მთავარი საკითხი იყოს განხილული: პირველი საწერ მასალას ეხება, მეორე საწერ იარაღებს, მესამე კიდევ თვით წერის ტეხნიკის გარეგან პირობებს. რათგან ყოველი სამწერლობო ხელოვნების ისტორიის განხილვის დროს, უნდა სამი მთავარი საკითხი იყოს განხილული: პირველი საწერ მასალას ეხება, მეორე საწერ იარაღებს, მესამე კიდევ თვით წერის ტეხნიკის გარეგან პირობებს.
სარჩევი |
საწერი მასალა
მწერლობის ძეგლებისათვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალა იხმარებოდა ხოლმე: ჯერ ქვა, ლითონი, ძვალი და საზოგადოდ მაგარი, შედარებით მძიმე და ხშირად ძნელად შესაძრავი ნივთიერება იყო მიღებული, შემდეგ თხელი და მსუბუქი მასალა შემოვიდა.
ქვაზე და სხვა მაგარ ნივთიერებაზე გამოყვანილ სიტყვასა თუ აზრს, რასაც ეხლა წარწერა ეწოდება, ძველ დროს „ზედაწერილი“ ერქვა.
ბატონიშვილს ვახუშტს აღნიშნული აქვს, რომ საქართველოს „მეფეთა სახელნი... ზედაწერილ არიან ქუათა, ხატთა და ჯუართა ზედა“-ო.
პაპჳრუსის შესატყვის ტერმინად, როგორც ეს დაბადების ქართული თარგმანითგანა ჩანს, „ჭილი“ უნდა ყოფილიყო. საბა ორბელიანის ცნობით ჭილი სხვადასხვანაირი იყო. „ჭილიცა სამ-ოთხ გვარი არის: შოლდო არს დაბალი და ღერო მრგვალი ჭილი, ვივილოსი არს მაღალი და მრგვალი ჭილი, ჩალამგელა არის ფოთელ-ბრტყელი და სხუაგუარნიცა არიან“-ო. მისივე სიტყვით ჭილო იყო „ნიორთა და მისთანათა ერთი შენაძრობი“ ძირთაგანი, ე.ი. თავის ერთს ჩამოცლილ ფურცელს ეწოდებოდა, აქეთგანვეა ჭილობი-ც ნაწარმოები.
იყო თუ არა მიღებული თვით საქართველოში ჭილი საწერ მასალად, ჯერ გამორკვეული არ არის.
საქართველოში ძველად ყველა სხვა საწერ მასალაზე უფრო ტყავი ყოფილა მიღებული.
ბერძენთა ისტორიკოსი ტყავს „დიფთერა“-ს უწოდებს. რომაელებიც ამავე მნიშვნელობის სიტყვას „მემბრანას“ ხმარობდენ ტერმინად.მხოლოდ შემდეგში შემოდის გამონათქვამი „პერგამენონ“ ასეთი სახელი ამ საწერ ტყავს ქ. პერგამონისაგან მიენიჭა, რათგან აქ, როგორც ეტყობა, ამ მასალის დამზადება წარმატებული ყოფილა და პერგამონს ეს თავისი ნაწარმოები სხვა ქალაქებშიც გაქონდა. მემბრანას ტყავს საწერ მასალად ციცერონი იხსენიებს.
ბერძნული დიფთერა და პერგამენონისა და ლათინური მემბრანა და პერგამენას შესატყვისად საწერ მასალად დამუშავებულ ტყავს „ეტრატი“ ეწოდებოდა. ტერმინი „ეტრატი“-ს სადაურობა ჯერ გამოსარკვევია.
საბა ორბელიანს ეტრატი განუმარტავს როგოც „ქაღალდი ტყავისა“.
ეტრატსაც შემდეგში თავისი მეტოქე და მტერი გაუჩნდა. ამგვარ მეტოქედ სამწიგნობრო ხელოვნებაში ქაღალდი გამოვიდა.
უძველესი ქაღალდზე ნაწერი არაბული ხელთნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 870 წ. არის დაწერილი.
ქაღალდის გაკეთების ტეხნიკა არაბებმა შეიმუშავეს, და ევროპელებმა აღმოსავლეთისა და არაბებისაგან შეითვისეს... მაგრამ მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევისა და ბატონობის წყალობით აღმოსავლეთი კულტურული დაქვეითების გზას დაადგა. და XV ს-გან მოყოლებული ქაღალდის წარმოება აღმოსავლეთში შეფერხდა და ახლა უკვე ქაღალდი დასავლეთ ევროპიდან შეაქვთ აღმოსავლეთში.
როდის შემოდის პირველად ქართულ მწერლობაში ტერმინი „ქაღალდი“ ჯერ კიდევ გამოსარკვევია. ჯერჯერობით შემიძლიან მხოლოდ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ დავასახელო პირველ ძეგლად, სადაც ეს სიტყვა ნახმარია
- „ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
- ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები,
- მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები“.
აღსანიშნავია, რომ „ქაღალდი“ დაბადებაშიც ორჯერ იხსენიება და ბერძნულად „ქარტერია“ ეწოდება.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ XVIII ს. პირველ ნახევარში ქართველი კალიგრაფები საუკეთესო საწერ მასალად სპარსულ ქაღალდსა სთვლიდენ.
წერის ტექნიკის გარეგანი პირობები
ადამიანის ნააზრების ნიშნებით აღბეჭდვას ქართულად „წერაჲ“ ეწოდებოდა და ეწოდება. „წერაჲ“ საბა ორბელიანს განმარტებული აქვს როგორც „კალმის მოსმა“, მაგრამ ეს რასაკვირველია ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა არ არის. როგორც წერტილი თავდაპირველად ნაჩხვლეტს ეწოდებოდა და მხოლოდ შემდეგში იქნა ტერმინად ქცეული. ბერძნული „გრაფო“ ჯერ ამოფხაჭნას, ნიშნების ამოთხრას ნიშნავდა და მხოლოდ შემდეგ წერას, ამგვარადვე წერას თავდაპირველი მნიშვნელობაა გამოსარკვევი. იქნებ მისი პირვანდელი მნიშვნელობის შემნახველ სიტყვებად „მწერი“ და „წერტილი“ იყოს... ამის გამორკვევა ენათმეცნიერების საქმეა.
წერისათვის შესაფერისი გარეგანი პირობები იყო აუცილებელად საჭირო, რომ დაწერილი სათანადო გარკვეულობითა და სილამაზით გამოსულიყო .
როგორ სწერდნენ საქართველოში? შოთა რუსთაველი ამაზე გვიპასუხებს:
„დაჯდა წერად ანდერძისა საბრალოსა საუბრისად“-ო (ვეფხის ტყაოსანი, ი. აბულაძე 94, §725).
მაგრამ ყოველთვის და ყველგან მჯდომარე არ წერდა დამწერელი, ან მწიგნობარი. ბარამიანი ავტორი მაგ. პირდაპირ ამბობს, რომ „მწიგნობარს მართებს მეფეთ წინ დაჩოქილითა წერანი“-ო.
იმ ადამიანს, ან ხელოსანს რომელსაც წარწერას ამოაჭრევინებდნენ თუ გამოაქანდაკებინებდნენ, „წარმწერელი“ ერქვა.
ხოლო ვინც ხელითა სწერდა, მას „დამწერელი“, „მწერალი“ და „მწიგნობარი“ ეწოდებოდა.
არასათანადო წერის, ან დამწერლისაგან თავმდაბლობით თავის ნაშრომის დასახასიათებლად და აღსანიშნავად ტერმინად „ჩხრეკაჲ და „დაჩხრეკაჲ“-ც იხმარებოდა... თვით დამწერელიც ასეთ შემთხვევებში თავის თავს „მჩხრეკელი“-ს ან მჩხრეკალი-ს სახელს უწოდებდა: „ლოცვა ყავთ... ისაკისათჳს გლახაკისა მჩხრეკელისა“ (1030 წ. ხელთნ.)
„ჩხრეკა“ ქექვას ნიშნავს ეხლა, მაგრამ ამ ზმნის თავდაპირველი მნიშვნელობა თანამედროვე მეგრულს უკეთესად აქვს დაცული, რათგან „ჩხრიკა“ მეგრულად თხრას, გათხრას ეწოდებოდა, ამიტომ საფიქრებელი ხდება, რომ „ჩხრეკა“ წერითი ხელოვნების ძველი, წარწერათა გამოყვანის აღსანიშნავად განკუთვნილი ტერმინი უნდა იყოს...
„კარგი მწერლისა“ და „ხელოვანის“ სახელის მოსახვეჭად და განთქმულების მოსაპოვებლად ჯერ ერთი „ლამაზი“ ასოების გამოყვანა უნდა სცოდნოდა მწერალს, „საჩინო ხელი“ უნდა ჰქონოდა და თავისი ხელოვნების ყველა მოთხოვნილება დაეცვა. გ. მთაწმინდელის ცნობით თეოფანე ხუცესი იყო „ხელოვნებით მწერალი წიგნთა“. ღვთაების 1722 წ. გუჯარში ნათქვამია: „ჴელოვან ხარ... ჴელითა წერისაო“-ო
როდესაც გადამწერელს სილამაზით განთქმული ხელი არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ტექსტის ზედმიწევნითი გადმოწერა იცოდა, ეს გარემოება ხელის სილამაზეზე ნაკლებ არ ფასობდა, პირიქით, უფრო მეტადაც. „დაღაცა თუ არა სადამე საჩინო არს ჴელი ესე, არამედ... სიმართლითა აღსავსე“-ო...
გადამწერალთა ამხანაგობანი და თაბუნები
სათითაო გადამწერელთ გარდა ჯგუფობრივი გადამწერლობაც იცოდნენ. ქართლველ ხელთნაწერებში მრავალი ცნობები მოიპოვება ერთი ხელთნაწერის ორი და სამი პირისაგან გადაწერილობის შესახებ... დაოშკ-ათონის 978 წ. დაბადების ანდერძში ნათქვამია: დაიწერა ესე წიგნი ჴელითა სამთა მწერალთა[ჲთა]- მიქაელისათა, გიორგისათა და სტეფანესითა“-ო...
ცხადია, რომ ერთი ამ რამდენიმე გადამწერთაგანი გადაწერის ხელმძღვანელი და უფროსი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ XIII ს. პირველი ნახევრის ერთ წიგნში გვხვდება ამ საგულისხმო საკითხის შესახები საყურადღებო ცნობა. ციხის გულანში სახელდობრ ნათქვამია: „მე ცოდვილმან მღვდელმან საბაჲ ჴელვყავ პატიონისა გულანისა ამის აღწერა ბრძანებითა პატიოსნის ნაკაშიძის ბეჟანისათა... ესე პატიოსანი სრული გულანი ჩემის ცოდვილი ხელით დამიწერის... ამის წერაშიდ ჯუმათის გულანი გავაკეთე მე და ჩემმა თაბუნმა“-ო. „თაბუნი“ და „ასნაფი“ ერთი და იგივე სიტყვაა და მე-XVII-XVIII ს.ს-ში ამქრის მნიშვნელობით იხმარებოდა. აქეთგან ცხადი ხდება, რომ გადამწერთა ამხანაგობას „თაბუნი“ ჰრქმევია.
წიგნის შემზადება
წიგნი რომ წასაკითხავად სახმარებელი გამხდარიყო, ამისათვის დიდი მუშაობა, „მუშაკობაჲ“ იყო საჭირო. მთელ ამ წიგნის შესაქმნელად საჭირო მუშაობას „წიგნისა შემზადებაჲ“ ეწოდებოდა.
ყოველი დამწერელის, ავტორისა და მთარგმნელის საკუთარი ხელით ნაწერს, ავტოგრაფს ძველ საქართველოში „ნუსხაჲ“ ერქვა.
„ნუსხაჲ“ არაბულითგან შეთვისებული ტერმინია. არაბულადაც ნუსხაჰ პირველ ხელთნაწერსა და დედანსა ჰნიშნავს, თავდაპირველ ტექსტს.
ქართველ დამწერლებს მშვენიერად ჰქონიათ თავიანთი მოღვაწეობის დიდი პასუხისმგებლობა შეგნებული და ყოველგვარი საშუალება უხმარიათ, რომ უნებლიეთი შეცდომებიც კი თავიანთი ნაშრომისათვის თავიდან აეცილებინათ, რომ მათ გარდანაწერში „ერთიცა ასოჲ მრუდი და ნაკლული და არცა მეტი“ არ ყოფილიყო. მათ კარგად იცოდენ, რომ მათი დანაწერის ნაკლს მკით ხველი არ აპატიებდა და ამას გარდა , თანამედროვეთა შორის სახელი გაუტყდებოდათ.
როდესაც ხელთნაწერის შემზადება დამთავრებული იყო, აღმწერელი - ავტორი, ან დამწერელი, თუ გადამწერელი თავისი ნაშრომისა და ნამუშევარის, აგრეთვე თავის ვინაობისა და სამუშაოსთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებაც მკითხველს წერილობით ცნობებს უტოვებდა ხოლმე. ასეთი ხასიათის ცნობას „ანდერძი“ ეწოდებოდა და ჩვეულებრივ წიგნის ბოლოში იყო მოთავსებული, მაგრამ ზოგჯერ ხელთნაწერის შუაშიაც იწერებოდა ხოლმე.
ვინც წიგნსა ჰკერავდა, „შემმოსველი“ ანუ „მმოსველი“-ს სახელს ატარებდა, ყდის გამკეთებელს-კი „მკაზმავი“ ანუ „მკაზმელი“ ეწოდებოდა.
წიგნების მხატვრული შემკობა
შეძლებული და მხატვრული მოთხოვნილების მქონებელი წიგნის შემკვეთელი და მომგებელი ცდილობდა თავისი წიგნი სურათებით, ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე „ხატებით“ შეემკო. პირველ ფურცელზე „კამარა“-ს ახატვინებდა, ხელთნაწერის სხვა და სხვა ადგილას კი სურათებს ურთავდა ხოლმე.
„კამარების“ დამხატველს განსაკუთრებული სახელი „კამარათა მწერალი“ ჰრქმევია. წიგნის შემკობილობის აღმნიშვნელი ტერმინი უნდა იყოს აგრეთვე „ჯაზული“. ჯაზვალი სპარსთა ენაა. ჯაზულად ტექსტის გარემომცველი ფერადებით დახატული ოთხკუთხედი ჩარჩოები იწოდებოდა.
მდიდრულად შემზადებული ხელთნაწერი შეიძლება მთლად, ან ზოგან „ოქროს ვარაყითა წერილი“ ყოფილიყო. ბიჭვინტის იადგარში მაგ. იხსენიება „კონდაკი ოქროს ვარაყითა წერილი“ ამავე ძეგლში ნახმარია ტერმინი „ჭრელი ნუსხა“. იქ სწერია: „ერთი პატიოსანი ძილისპირი ჭრელის ნუსხითა“-ო. რაც მრავალფერად შემკობას ნიშნავს. ამიტომ „ჭრელი ნუსხა“ თითქოს სხვადასხვა ფერადებით მხატვრულად დაწერილ ავტოგრაფს უნდა ჰნიშნავდეს.
საშინაო და სათანაო ხელთნაწერები და წიგნთსაცავები
წიგნები დანიშნულებისდა მიხედვით ორ მთავარ ჯგუფებად იყოფებოდენ, ერთნი შინ, სახლში სახმარებლად იყვნენ განკუთვნილნი - ასეთ წიგნებს მაშინ „საშინაონი“ ეწოდებოდა, - მეორენი თან სატარებლად ჰქონდათ ხოლმე, რომელთაც „სათანაონი“ ერქვათ.
სენაკს, რომელშიც ხელნაწერები ელაგა წასაკითხად, „წიგნისსაცავი“ ეწოდებოდა. ეფრემ მცირეს თავის ფსალმუნთა თარგმანებში ნათქვამი აქვს: „რაოდენნიცა იყვნეს წიგნისსაცავსა სჳმეონ წმიდისასა თარგმანებანი დავითისნი, ყოველნივე დედად მქონდესო“-ო. ანტონ კათალიკოზსაც აღნიშნული აქვს: „წესი გამორჩევის და ჴელდასხმისა მღვდელმთავრობითისა... ვპოვნეთ საუნჯეთა შინა წიგნისაცავთა მცხეთისა ეკლესიისათა“-ო, ე.ი. მცხეთის საპატრიარქო წიგნთსაცავში.
ათონის მონასტრებში ქართველებს „დიდი წიგნის საცავი“ ჰქონიათ. მისი ამგვარი სახელი გვაფიქრებინებს, რომ პატარა წიგნთსაცავიც უნდა ჰქონოდათ, რომელშიაც მაშინ ცნობილი ყველა ქართული და ქართულად ნათარგმნი ძეგლები და მათი ბერძნული დედნები იქნებოდა შეგროვებული, სხვათა შორის უძვირფასესი ხელთნაწერები, გამოჩენილ მეცნიერ-მოღვაწეთა ნუსხები, ავტოგრაფებიც ყოფილა დაცული, როგორც გიორგი მთაწმინდელისა და უეჭველია იოანე და ეფთჳმე მთაწმინდელების მიერ საკუთარი ხელით ნაწერი ძეგლები. ეტყობა, როგორც თანამედროვე ქართველი ბერები, ისევე მერმინდელი თაობანი მათ ნაღვაწს დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და თვალის ჩინსავით სიფრთხილით იცავდნენ.
რუსი მიმომხილველი ბარსკის სიტყვით ქართველთა მონასტრის წიგნთსაცვი ათონის ყველა სხვა მონასტრების წიგნთსაცავებზე უფრო დიდი ყოფილა და მრავალ სიგელ-გუჯრებს გარდა უძველეს ხელთნაწერებს შეიცავდა.
მტრების მრავაგზისი შემოსევა წიგნთსაცავების არამც თუ ზრდას აფერხებდა, ხშირად მათ არსებობასაც კი სპობდა... თემურ-ლენგის შემოსევისაგან მოყენებული ზიანი იქითგანაცა ჩანს, რომ 1546 წმ. ლუარსაბ მეფისა და კათალიკოზისგან შედგენილი სვეტიცხოვლის საყდრის განძის ანგარიშში მხოლოდ 51 წიგნი-ღა იხსენიება...
წყარო
ივანე ჯავახიშვილი, ტომი მეორე, ტერმინები და ცნობები ძველი ქართული და სხვა ერთა სამწიგნობრო ხელოვნების შესახებ