მხარდამჭერი ფსიქოთერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხარდამჭერი ფსიქოთერაპია - გამოიყენება დისტრესის შესამცირებლად ან სირთულეების დაძლევაში დასახმარებლად (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემის გადაჭრაზე მიმართული მიდგომა წარუმატებელია). მხარდამჭერი თერაპია გამოიყენება ქრონიკული ფსიქიკური ან სომატური დაავადების მქონე პაციენტებთან და მომაკვდავ პაციენტებთან. მხარდამჭერ თერაპიას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ჩარევის აქტიური ფორმების გამოყენება უშედეგოა ან როდესაც დაბალია მათი წარმატებული გამოყენების ალბათობა.

მხარდამჭერი თერაპია ეფუძნება ფსიქოლოგიური მკურნალობისთვის საერთო ელემენტებს. მისი მთავარი ელემენტებია თერაპიული ურთიერთობა, მოსმენა, ემოციებისაგან განტვირთვისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ახსნა-განმარტება, იმედის მიცემა და დარწმუნება.

სარჩევი

თერაპიული ურთიერთობა

თერაპიული ურთიერთობა გამოიყენება პაციენტის მხარდაჭერის მიზნით. მნიშვნელოვანია, ავიცილოთ პაცენტის მიჯაჭვულობა თერაპევტზე, რადგან მკურნალობა, ხშირად, ხანგრძლივია. თუ პაციენტი ძალზე მოწყვლადია ან ნაკლებად დამოუკიდებელ პიროვნებას წარმოადგენს, ეს, შესაძლოა, ძნელი განსახორციელებელი იყოს. თუ თერაპევტზე პაციენტის მიჯაჭვულობას ვერ ავიცილებთ, უმჯობესია, თუ მას დამოკიდებულს გავხდით სპეციალისტთა ჯგუფზე, რომელსაც პაციენტზე მზრუნველობა დაეკისრება, და არა რომელიმე ერთ პიროვნებაზე. სხვაზე დამოკიდებულების რისკი მცირდება, როდესაც პაციენტთან თავიდანვე ვთანხმდებით, თუ რამდენ დროს დავუთმობთ მხარდამჭერ თერაპიას.

მოსმენა

ფსიქოლოგიური მკურნალობის ნებისმიერი ფორმის დროს, პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ თერაპევტი მას მაქსიმალურად უთმობს ყურადღებას, რომ იგი თანაგრძნობას იჩენს მის მიმართ და სერიოზულად ეკიდება იმას, რაც პაციენტს აწუხებს.

რჩევა და ინფორმაციის მიწოდება

რჩევა და ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის, თუ რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ამ პროცედურებს, გულდასმით უნდა იყოს განსაზღვრული. პაციენტს ყოველთვის უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მას ყველაფერი პირველივე სეანსზე განვუმარტოთ. პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სერიოზული და უკურნებელი დაავადება, შეიძლება უმჯობესი იყოს ინფორმაციის თანდათანობით მიწოდება. ასე ისინი შეძლებენ ინფორმაციასთან ნაწილ-ნაწილ გამკლავებას იქამდე, სანამ მთლიანობაში გაიაზრებენ თავიანთ პრობლემას. პაციენტების უმრავლესობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიგვანიშნებს იმაზე, თუ ინფორმაციის რა ოდენობა უნდა მივაწოდოთ მათ თითოეულ ჯერზე.

ემოციებისაგან განტვირთვა

ემოციებისაგან განტვირთვა სასარგებლოა მხარდამჭერი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე. თუმცა, ემოციებისაგან ხშირი განტვირთვა, სავარაუდოდ, არ არის სასარგებლო, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც აღმოცენდება ახალი პრობლემა (მაგალითად, ფიზიკური დაავადება, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს).

იმედის მიცემა

იმედის მიცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ პაციენტის ნაადრევმა ან უსაფუძვლო დამშვიდებამ შეიძლება შეარყიოს მისი ნდობა სპეციალისტის მიმართ. პაციენტი მხოლოდ მაშინ უნდა დავამშვიდოთ, როდესაც მისი საწუხარი ბოლომდეა გაგებული. რა თქმა უნდა, პაციენტის დამშვიდება საფუძველს არ უნდა იყოს მოკლებული და ის პაციენტები, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ მათ ატყუებენ, კარგავენ ნდობას თერაპევტის მიმართ, ხოლო მხარდამჭერი თერაპია სწორედ ნდობაზეა დაფუძნებული. როდესაც პაციენტი სვამს კითხვებს პროგნოზის შესახებ, თერაპევტს შეუძლია მას ყველა შესაძლო შედეგი დაუსახელოს, ყველაზე ოპტიმისტური შედეგის ჩათვლით. ურთულესი პრობლემების დროსაც კი არის შესაძლებელი სიტუაციის პოზიტიური კუთხით განხილვა და პაციენტის წაქეზება, რათა მან გამოიყენოს რესურსები და შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი.

დარწმუნება

მხარდამჭერი მკურნალობისას თავად პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ ქმედებას განახორციელებს, სიტუაციის საკუთარი აღქმიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მართებულია, რომ ექიმმა გამოიყენოს დარწმუნების ტექნიკა, რათა დაეხმაროს პაციენტს სწორი ნაბიჯის გადადგმაში (მაგალითად, გააგრძელოს სირთულეებთან გამკლავება ვითარების დროებითი გაუარესების მიუხედავად).

არ არის აუცილებელი, რომ მხარდამჭერი თერაპია ყოველთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მიერ ტარდებოდეს. თვითდახმარების ჯგუფები მნიშვნელოვან დახმრებას უწევენ ზოგიერთ პაციენტს და მის ნათესავებს. ზოგჯერ ასეთი დახმარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ექიმის მიერ გაწეული დახმარება, რადგანაც ის ისეთი ადამიანებისაგან მომდინარეობს, რომლებიც, პაციენტის მსგავსად, ცდილობდნენ სირთულეებთან გამკლავებას.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები