მხატვრული თარგმანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხატვრული თარგმანი – ლიტერატურული ნაწარმოების სხვა ენაზე გადატანა (გარდასახვა). მისი ფუნქციაა მწერლის მხატვრული ჩანაფიქრის, საერთოდ, დედნის ტექსტის როგორც აზრობრივი მნიშვნელობის, ისე მხატვრული თავისებურებების უაღრესად მსგავსი გადმოცემა. ამიტომ სიტყვასიტყვითი თარგმანი არ ჩაითვლება მხატვრულ თარგმანად. მხატვრული ქმნილების თარგმნა შემოქმედებითი აქტია, რომლის ღირსებას დედნის სხვა ენაზე ყოველმხრივ გადმოცემის სიღრმე შეადგენს.

მხატვრული თარგმანის, როგორც ლიტერატურული ურთიერთობის ძირითადი ფორმის, ფართოდ განვითარება დღევანდელ მსოფლიოში განაპირობა თარგმანის თეორიის აღმავლობაც. აქ ჩამოყალიბდა ლინგვისტური და ლიტერატურისმცოდნეობითი თვალსაზრისები. პირველის მიხედვით მხატვრული თარგმანი ენობრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, რამდენადაც ყოველი თარგმანი ენობრივ შესატყვისობათა ძიებას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისის უმაღლესი გამოხატულებაა შეპირისპირებითი სტილისტიკის გამოცხადება როგორი, საერთოდ, თარგმანის, ისე, კერძოდ, მხატვრული თარგმანის წანამძღვრად და საფუძვლად ლიტერატურისმცოდნეობრივი თვალსაზრისით კი, თარგმანის შეპირისპირება ხდება დედანთან, როგორც მხატვრულ მთელთან, რის გამო დედნის მხატვრული გარდათქმა (ასახვა) თარგმანში, დედნის ფორმისა და შინაარსის მთლიანობის წარმოსახვაა ახალ ენაზე. ამ შემთხვევაში დედნის და თარგმანის ტექსტუალური შესატყვისობა დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია მათი მხატვრული შესატყვისობის მიმართ. ეს იმიტომ რომ მთარგმნელის ამოცანაა დედნის გადმომცემი, მსგავსი, შესაბამისი ქმედითი და ცოცხალი მხატვრული ნაწარმოების შექმნა ახალ ენაზე. ეს თვალსაზრისი გულისხმობს შეპირისპირებითი სტილისტიკის აუცილებელ ტექნოლოგიურ როლსაც მხატვრული ნაწარმოების თარგმნის პროცესში, შესაბამისად იმ როლისა, რომელიც სტილისტიკას ეკისრება ორიგინალურ შემოქმედებაში.

მხატვრული თარგმანის ესთეტიკური ღირებულების საზომია ის ისტორიული როლი, რომელსაც იგი ასრულებს საერთო ლიტერატურულ პროცესში. ამის მაგალითია ივ. მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი შექსპირის ტრაგედიები.

წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები