მხითარისტების ეკლესია ვენაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხითარისტების ეკლესია ვენაში – მხითარისტების კონგრეგაცია დაარსდა კათოლოციზმის მიმდევარ სომეხთა წრეში. მისი დამფუძნებელი იყო მხითარ სებასტიელი, რომელმაც კონგრეგაცია 1700 წელს, კონსტანტინეპოლში, ჩამოაყალიბა. 1712 წელს მხითარ სებასტიელი მიმდევრებითურთ გაერიდა თურქთა რბევას, რომის პაპის მფარველობა მიიღო და ჯერ ვენეციაში, წმ. ლაზარეს კუნძულზე, დააარსა მონასტერი, ხოლო მოგვიანებით – ვენაში.

მხითარისტების კონგრეგაციის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საგანმანათლებლო-ლიტერატურული საქმიანობისკენ. ვენის მხითარისტების ეკლესიის ბიბლიოთეკა 170 000 წიგნსა და 28 000 ხელნაწერსა და ფრაგმენტს ფლობს.

ვენის მხითარისტების ეკლესიის წიგნსაცავში დაცულია 7 ერთეული ქართული ხელნაწერი წიგნი. ცნობები ამ ხელნაწერებზე ძალზე მწირია. ცნობილია მხოლოდ დასახელება ამ წიგნებისა: მოსეს გალობანი, ფსალმუნი, ანას ლოცვა, იონას გალობა და სხვ. ყველა ეს ხელნაწერი, არსებული ცნობების თანახმად, მე-18 საუკუნისაა. ჩვენი ვარაუდით, ეს არის კათოლიკური შინაარსის ხელნაწერი წიგნები. რა გზით აღმოჩნდა ეს ერთეულები ვენის მხითარისტთა ეკლესიაში, დღეისათვის ცნობილი არაა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ვარაუდი შემდგომია: XVIIXVIII სს. ქართული კათოლიკური წიგნები მრავლად შედგა და გადაიწერა, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთში, სადაც ქართველ კათოლიკებთან ერთად ამავე აღმსარებლობის სომხური დიასპორაც არსებობდა. გარდა ამისა, რომის პაპმა ქართული კათოლიკური ეკლესია სომხურ კათოლიკურ ეკლესის დაუქვემდებარა. ამგვარი ფაქტები, რაღა თქმა უნდა, გააიოლებდა ქართული ხელნაწერი წიგნების მხითარისტთა წრეში მოხვედრას.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები