ნადირთ მწყემსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადირთ მწყემსი − ერთი როშკელი მონადირე სანადიროდ წასულა. გზაში შემოღამებია და ეხში დამდგარა. ღამე ესმის ძახილი: რა გინდათ, რას მეძახით, სტუმარი მყავს, ვერ წამოვალო. – სტუმარიც თან წამოიყვანეო, გაისმა პასუხად. წასულა ეხის პატრონი და მონადირეც თან წაუყვანია. შესულან მეორე ეხში, სადაც თურმე დიდი ღრეობა – ლუდ-არყის სმა იყო გაჩაღებული. როშკელის მასპინძელს ჰკითხეს: რად მოსულა შენი სტუმარი, რა უნდა, რას თხოულობსო? უთქვამს: შენს საქონელს თხოულობსო. მეორე ენის კაცმა უპასუხა: ჩვენ სამაგისო საქონელი არა გვყავს. გაუშვით შინ ხელცარიელიო. მონადირის მასპინძელი თურმე შეეხვეწა: ნუ გაუშვებთ ხელცარიელსო. მაშინ ისევ იმ კაცმა თქვა თურმე: დაუძახეთ ნადირთ მწყემსსო! და შემოვიდა ქალი, ქართულად ჩაცმული, კაბიანი. ქალს უთხრეს: ხომ არა გყავს რამე კოჭლი ან ბრმა, რომ ამ კაცს მივცეთო? ქალმა უპასუხა: მე დღეს დავდექი მწყემსად. აქამდე ვაჟი მწყემსავდა და ისე ადგილზე გაუშვია, სადაც ქვის საგორავი ყოფილა. გამოგორებულა ქვა და ერთ ნადირს ფეხში მოხვედრია. ის არის კოჭლიო. – აბა, ის მიეციო! თქვეს და გაქრა ის ქალი. მერე უთხრეს როშკელ მონადირეს: ახლა წადი და დაიძინეო.

მეორე დილას რომ გავიღვიძე, – ყვება თავის ამბავს მონადირე, – და ეხიდან გამოვედი, გავიხედე და ფეხმოტეხილი შუნი პირდაპირ ჩემკენ მოდიოდაო. არც კი დამიფრთხაო. ვესროლე, მოხვდა ტყვია და მოკვდა. როცა გავატყავე, ვნახე, რომ ფეხი მართლა მოტეხილი ჰქონდაო. შინისკენ რომ მოვდიოდი და ხორცი მომქონდა, ძახილი მომესმა: ღმერთმა ალალად შეგარგოსო!


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები