ნათან ბრძენი (ლესინგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

„ნათან ბრძენი“ – (გერმ. Nathan der Weise), გერმანელი დრამატურგის ლესინგის პიესა, დაიწერა და გამოქვეყნდა 1779 წელს.

ემილია გალოტის“ შემდეგ ლესინგს გადაწყვეტილი ჰქონდა აღარ შეექმნა დრამატურგიული ჟანრის ნაწარმოებები. „ნათან ბრძენი“ პასტორ გიოცესთან სასულიერო, თეოლოგიური პოლემიკის შედეგად გადაწყვიტა დაეწერა. პასტორმა გიოცემ მიაღწია იმას, რომ ჰერცოგმა ბრაუნშვეიგმა ლესინგს აუკრძალა რელიგიურ თემაზე პამფლეტების გამოქვეყნება. ლესინგმა იგრძნო, რომ მას ჭეშმარიტებისათვის ბრძოლის უფლებას ართმევენ და სწორედ ამიტომ უბრუნდება თეატრ-ტრიბუნას. ლესინგს ახალგაზრდობაში ჩაფიქრებული ჰქონდა შეექმნა პიესა ბრმა რწმენის და საეკლესიო დოგმატიზმის წინააღმდეგ. ლესინგი ჩანაფიქრის მონახაზს მიუბრუნდა და მისგან შექმნა ნაწარმოები, რომელზეც თავად თქვა: ეს იქნება ყველაზე უფრო მტკივნეული, გრძნობებისა და ფიქრების აღმძვრელი პიესა ჩემ მიერ ოდესმე დაწერილთა შორისო.

„ნათან ბრძენში“ ლესინგი იბრძვის ბრმა რწმენის, რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ. მან ლექსით დაწერილ ნაწარმოებს „დრამატული პოემა“ უწოდა. პიესის ძირითადი კონფლიქტი რელიგიასა და მორალს შორის დაპირისპირებაა. ლესინგთან მორალი იმარჯვებს. ყველაზე უარყოფით პერსონაჟად ქრისტიანი ფანატიკოსი იერუსალიმელი პატრიარქი გამოიყვანა. ის ფორმალურად მისდევს რელიგიას, მის დოგმებს. მისგან განსხვავდება ებრაელი ნათანი, რომელმაც დარბევის დროს მთელი ოჯახი დაკარგა, მიუხედავად ამისა, არ გაბოროტდა, ქრისტიანი გოგონა შეიფარა, აღზარდა, – სულიერად მდიდარი და ნათლად მოაზროვნე გმირია. ნათანის პროტოტიპი ლესინგის ბერლინელი მეგობარი, განმანათლებელი მოზეს (მოსე) მენდელსონი იყო, ხოლო იერუსალიმელი პატრიარქისა კი – ლესინგის მტერი, რეაქციონერი კლერიკალი პასტორი გიოცე.

„ნათან ბრძენი“ სამი ბეჭდის შესახებ ძველ თქმულებას ეფუძნება, რომელიც პირველად შუასაუკუნეების ლათინურ კრებულში – „რომაული საქმეები“ – გამოქვეყნდა, შემდეგ კი ბოკაჩომ „დეკამერონში“ გამოიყენა. სწორედ ეს თქმულებაა პიესის ცენტრალური ამბავი. ნათანი სულთან სალადინს უყვება იგავს, რომლის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რელიგიის ჭეშმარიტება არა მისი დოგმებითა და რიტუალებით მტკიცდება, არამედ ადამიანებზე რელიგიის მორალურ-აღმზრდელობითი ზეგავლენით. ლესინგის მიერ რელიგიათა ამგვარად წარმოჩენა მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ეკლესიის მსახურთა მოსაზრებებს, განსაკუთრებით კი ქრისტიანული ეკლესიის პრეტენზიას ეჭვგარეშე ჭეშმარიტებაზე.

„ნათან ბრძენის“ მოქმედება იერუსალიმის მუსულმანთა მმართველობის პერიოდში ვითარდება. ნათესაური, მეგობრული თუ მტრული კავშირების მქონე პერსონაჟები, სამი ძირითადი რელიგიის: ქრისტიანობის, იუდაიზმის და ისლამის წარმომადგენლები არიან. რელიგიათა მკვეთრი დაპირისპირების, მათი ადამიანთა ცხოვრებაზე ზეგავლენის, მორალურობის ასახვის მიზნით, ლესინგს გამოჰყავს სხვადასხვა რწმენაში აღზრდილი და-ძმა, რომლებმაც არ იციან, რომ და-ძმა არიან და ნათესაურ კავშირში იმყოფებიან მესამე რელიგიის წარმომადგენელთან.

„ნათან ბრძენში“ ადამიანი ფასდება ქმედებებით, საქციელით და არა რელიგიური აღმსარებლობით. ლესინგის ნათანი არ არის თავგადაკლული იუდეველი, ის უფრო ბრძენი პანთეისტი ჰუმანისტი.

„ნათან ბრძენი“ ლესინგის ყველაზე უფრო პირადული პიესაა. მასში ავტორი თითქოს განუდგა საკუთარ „ჰამბურგის დრამატურგიაში“ ასახულ პრინციპებს და განმანათლებლური კლასიციზმისათვის დამახასიათებელი ხერხებით შექმნა პიესა. მიუხედავად ამისა, „ნათან ბრძენი“ იმდენად დიდი ჰუმანური იდეით არის გამსჭვალული, რომ ნაწარმოები დღემდე აქტუალურია. პიესა 1779 წელს გამოქვეყნდა, 1801 წელს კი პირველად დაიდგა ვაიმარში, ლესინგის გარდაცვალების შემდეგ.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები