ნათესაობითი ბრუნვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნათესაობითი ბრუნვა – კუთვნილება-დანიშნულების გამომხატველი ბრუნვა, რომელსაც ინდოევროპულ ენათა გენიტივი შეეფარდება.

ქართულ ენაში ნათესაობითი ბრუნვა -ის(ა), -ს(ი) ბოლო სართებითაა წარმოდგენილი: თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან კვეცად სახელებთან – ის(ა) დაბოლოება გვხვდება – კაცის(ა), დედ-ის(ა), ხმოვანფუძიან უკვეცელ სახელებთან – ს(ი): წყარო-ს(ი), რუ-ს(ი), ელენე-სნ(ი) (გამონაკლისია – დრო-ის).

ბოლოკიდური - ხმოვნის თაობაზე სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს: მკვლევართა ნაწილი მას ემფატიკურ ხმოვნად მიიჩნევს (შდრ: კაც-ის-ა – წყარო-ს-ი); სხვა თვალსაზრისით, -ი ბრუნვის ნიშნისეულია, ბგერათგადასმის შედეგად მიღებული: -ის — -სი.

ნათესაობითი უძველესი ფორმაციის ბრუნვაა. -ის სუფიქსის პარალელურად ვარაუდობენ აგრეთვე -ინ სუფიქსის არსებობასაც, რომელიც ზმნისართებსა და თანდებულებშია შემორჩენილი სიტყვათმაწარმოებელი ელემენტის სტატუსით: გუშ-ინ, მაშ-ინ, -თვ-ის || -თვ-ინ, -მდ-ის || -მდ-ინ… ნათესაობითი ბრუნვის -ის სუფიქსს კანონზომიერი შესატყვისები მოეპოვება ქართველურ ენებში: ზანურში – -იშ (-შ), სვანურში – -იშ, -ეშ სუფიქსების სახით.

ნათესაობით ბრუნვაში დასმული სახელი დაირთავს თანდებულებს: -თვის, -გან, - კენ, -ებრ, -თანავე, -დამი. თითქმის შეუზღუდავია ნათესაობითის ფორმაზე ზმნისართთა დართვა თანდებულის ფუნქციით: სახლის წინ, მიწ-ის ქვეშ, ხუთი დღ-ის შემდეგ…

ნათესაობითი ბრუნვა თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გამოხატავს: კუთვნილებას (ძმის სახლი), დანიშნულებას (ქორწინების სახლი), მასალას (ხის სახლი), აგენსს (ბავშვის თამაში), სამოქმედო ობიექტს (ხის მოჭრა). თანდებულთა დართვის შედეგად ნათესაობითს სხვა ფუნქციათა გამოხატვაც ეკისრება: აჩვენოს მიმართულება (ტყისკენ); მოცილება-დაშორება (კაცისგან); მსგავსება (თიხისაებრ), დრო (მოსვლისთანავე) და სხვა. ნათესაობითი ბრუნვა ხშირად დერივაციული სუფიქსის როლს ასრულებს (თბილ-ის-ი, ვარგ-ის-ი…); გამოთქმულია მოსაზრება, რომ მსაზღვრელის ფუნქციით გამოყენებული სახელი არ შეიძლება ჩაითვალოს ნათესაობითი ბრუნვის ფორმად (თ. უთურგაიძე).

კ. გაბუნია


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. I, თბ., 1950;
  • შანიძე ა. – ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ. 1953;
  • თოფურია ვ. ნათესაობითი და მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოებანი. - კრ: სახელის ბრუნების
  • ისტორიისათვის ქართველურ ენებში. წგ. I, თბ. 1956;
  • უთურგაიძე თ. ქართული ენის სახელის მორფონოლოგიური ანალიზი, თბ. 1986;
  • ონიანი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები, თბ. 1959;
  • ნოზაძე ლ. ემფატიკური ი ქართულში. – „იკე“. XXIX. თბ. 1990.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები