ნაოზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაოზა – სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემის საკრებულო), მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან - 620 მეტრი, მცხეთიდან - 19 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 677 კაცი.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ ამ სოფლის სახელწოდებას რატომღაც არ მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლებული პუნქტი ნავაზა ფორმით ქართულ ეკონომიკურ საბუთებში XV-XVI საუკუნეებიდან არის უკვე ცნობილი: 1398 წელს ამ სოფლის შეწირულების წიგნი სვეტიცხოვლისადმი განუახლებია ალექსანდრე მეფეს; ანალოგიური შეწირულება 1559 წელს კვლავ განუახლებია ქართლის მეფეს (სიმონს). ამ შეწირულების მიხედვით მეფე სიმონ სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს: „კასპი, ციხე ბლავი, სოფ. კუელენელნი, მისაქციელურნი (მამულნი) ნავაზა, აშს (გლეხნი) ოდიშელისძენი, ფონთხელა… ქინძარა, ულუმბა, საგუდე, კოდმანი, ნასოფლარი სავანეთი, შუა მუხვნარი…“ სოფელი ნავაზა „მსახლობელ“ სოფლად შეტანილი აქვს იოანე ბატონიშვილს თავის „ქართლ-კახეთის აღწერაში“, როგორც ჩანს, ვახუშტის დროს ნავაზა, როგორც მოქმედი სოფელი, მოშლილი იყო და იგი მხოლოდ XVIII საუკუნის დამლევისათვისღა აღორძინებულა.

სოფლის დღევანდელ სახელწოდებას (ნაოზა) ადგილობრივი მოსახლეობა რატომღაც რუსულ სიტყვას навоз-ს უკავშირებს, ამ ადგილებში ძველად რუსის ჯარი მდგარა, გამართული პქონიათ ცხენის თავლები, უზიდნიათ ფურგონებით ცხენის ნაკელი და უშლიათ მინდვრებში. დაურქმევიათ ამაზე ნაოზა“ (მიშა ჩილოშვილი, 1988 წ.). ამგვარი ვერსიის გაზიარება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. სულ რომ არაფერი, ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ფაქტს, რომ რუსების აქ მოსვლამდე რამდენიმე საუკუნით ადრე სოფელს ქართული სახელი რქმევია. დღევანდელი ნაოზა სწორედ იმ ისტორიული ნავაზა სიტყვისაგან მომდინარეობს -ვა მარცვლის ო ხმოვნად ქცევის გზით (შდრ. გვარი – გორი, თვალი – თოლი, ცხვარი – ცხორი, კვალი – კოლი...). რაც შეეხება თვითონ ნავაზას, იგი, ვფიქრობთ, ნავაზარ-ან ნავაზევ – ფორმისაგან უნდა მომდინარეობდეს სახელის კვეცის (გამარტივების) გზით. იგი ისევე უნდა მიგვეღო, როგორც ნოსტევი-საგან – ნოსტე, სანება-საგან – სანე, რკვიანი-საგან – რკვია და სხვ. მრ. აჭარაში, მაგალითად, დასტურდება მიკროტოპონიმი ქვარნა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ქვარნალა („ქვავნარი“, „ქვიანი ადგილი“, „ქვაყრილები“). ანალოგიური პროცესის შედეგად უნდა მიგვეღო ნავაზარი-საგან ნავაზა, საიდანაც დღევანდელი ნაოზა წარმომდგარა. იგი ნიშნავს: „ნავაზარი ადგილი“ „მამული, სადაც ძველად ვაზი ყოფილა გაშენებული“. შემთხვევით როდი შენიშნავდა ვახუშტი: „მისაქციელიდამ და ოხერ-ხიდიდამ ანანურამდე არს ვენახოვანი, ხილიანი“. ნაოზა ოდითგანვე მევენახეობით ყოფილა ცნობილი.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები