ნაპოლეონ III ბონაპარტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაპოლეონ III ბონაპარტი შარლ ლუი – (Napoleon III Bonaparte), საფრანგეთის იმპერატორი 1852-70. ჰორტენზია ბოგარნეს, ნაპოლეონ I-ის გერის და მისი ძმის, ლუი ბონაპარტის შვილი.

1815 შარლ ლუი ბონაპარტი განდევნილ იქნა საფრანგეთიდან. 1832 რაიხშტატის ჰერცოგის (ნაპოლეონ I-ის შვილის) სიკვდილის შემდგომ ბონაპარტისტები ნაპოლეონ III ბონაპარტის საფრანგეთის ტახტის „კანონიერ“ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. 1836 (სტრასბურგში) და 1840 (ბულონში) აჯანყების მოწყობის გზით ბონაპარტი შეეცადა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. რის გამოც 1840 საფრანგეთის მთავრობამ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 1846 იგი დიდ ბრიტანეთში გაიქცა, საიდანაც საფრანგეთში 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. გამოიყენა გლეხობის უკმაყოფილება მეორე რესპუბლიკის საგადასახადო პოლიტიკით და მსხვილი ბურჟუაზიის სწრაფვით დიქტატორული რეჟიმის დამყარებისკენ, რითაც შეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება (10-XII 1848).

1851 წლის 2 დეკემბერს მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, რის შედეგად დათხოვნილ იქნა საკანონმდებლო კრება და მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში გადავიდა, 1852 წლის 2 დეკემბერს შარლ ლუი ბონაპარტი გამოცხადებულ იქნა იმპერატორად ნაპოლეონ III-ის სახელით. მან ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა და ხელყო 1848 წლის რევოლუციის თითქმის ყველა დემოკრატიული მონაპოვარი. მხოლოდ 60-იანი წლების დასაწყისიდან იწყებს იგი ლიბერალური რეფორმების გატარებას (შეკრებათა თავისუფლება და ა. შ)., ნაპოლეონ III ბონაპარტის მთავრობა მრავალ დაპყრობით ომს აწარმოებდა. (1853-56 ყირიმის ომში მონაწილეობა, 1859 – ომი ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ, 1858-62 – ინტერვენცია ინდოჩინეთში, 1860-61–სირიაში, 1862-67 – მექსიკამი). შეცდომებმა საგარეო პოლიტიკაში (განსაკუთრებით მექსიკის ექსპედიციის მარცხმა) შეასუსტა მისი პოზიციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც, დიქტატორული რეჟიმის გარკვეულმა ლიბერალიზაციამ საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა ხელისუფლება, თუმცა მისი დამხობა დააჩქარა საფრანგეთ-პრუსიის ომმა (1870-71). I870 წლის 2 სექტემბერს სედანთან ალყაში მოქცეული ფრანგული არმიის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად ნაპოლეონ III ბონაპარტი ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. 1870 წლის 4 სექტემბერს რევოლუციამ დაამხო იმპერატორი. ფრანკფურტის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ (10.V.1871) იგი განთავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან და სიცოცხლის ბოლო წლები ბრიტანეთში იმყოფებოდა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები