ნარინჯოვანთა ჰიბრიდები
ჰიბრიდი (ლათ. hibrida, hybrida – ნაჯვარი) – ორგანიზმი ან უჯრედი, რომელიც მიღებულია გენეტიკურად განსხვავებული ფორმების შეჯვარებით. მცნება ჰიბრიდი განსაკუთრებით გავრცელებულია ბოტანიკაში.
სარჩევი |
ნარინჯოვანთა ჰიბრიდები
1893 წლიდან ფართო მასშტაბით დაიწყო ნარინჯოვნების ხელოვნური ჰიბრიდიზაცია, რის შედეგად მიღებულმა ფორმებმა, ნარინჯოვანთა მრავალფეროვნებაში უფრო მეტი სიჭრელე შეიტანა. ნარინჯოვნები, წარმოშობის ხასიათის მიხედვით, უნდა დაიყოს სამ ჯგუფად: ძირითადი ფორმები, ბუნებრივი ჰიბრიდები და ხელოვნური ჰიბრიდები.
ჩვენში გვხვდება როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი ჰიბრიდები. ხელოვნური ჰიბრიდების სახელწოდება, როგორც საერთაშორისოდ მიღებულია, შედგება მშობლების სახელწოდების ნაწილებისაგან. მაგალითად, „ლაიმკვატი“ ლაიმისა და კინკანის ჰიბრიდია; მისი სახელი მიღებულია ლაიმისა და კინკანის ანუ კუმვატის სახელწოდებათა შეერთებით, სადაც „კუმვატი“-დან აღებულია სიტყვის მეორე ნახევარი „კვატი“. რთული ჰიბრიდები მაგ., „ციტრანჟკვატი“ შედგება (ციტრუს+ორანჟ+კუმვატი) სამი მშობლის სახელის ნაწილისაგან (ციტ. ანჟ. კვატ.).
ხელოვნური ჰიბრიდიზაციის შედეგად 1893 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულია მრავალი ორიგინალური და საინტერესო ფორმა, რომელთა დიდი უმეტესობა ჯერ კიდევ შესწავლის პერიოდშია.
ციტრანჟები
ციტრანჟები წარმოადგენენ პონცირუსისა და ფორთოხლის ჰიბრიდებს. მიღებულია ჰიბრიდების რამდენიმე ფორმა: „რუსკ“-ი, „მორტონ“-ი, „კოლმან“-ი, „სავაჯი“ და სხვა. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ჰაბიტუსით, ნაყოფის აღნაგობა-მოყვანილობით, გემოთი და სხვა მორფოლოგიური მაჩვენებლებით. საერთოდ, ციტრანჟები უმთავრესად სამფოთოლაკიანია, მისი შუა ფოთოლი გაცილებით დიდია, დანარჩენი ან ნაკლებად განვითარებული, რუდიმენტური ან განუვითარებელია. შეიძლება ფოთოლი იყოს ერთფირფიტიანიც.
ყვავილები – თითოეულა, პატარა, სურნელოვანი, თეთრგვირგვინიანი, სხედან მოზარდ ყლორტებზე. გვირგვინის ფურცლები ან გრძელი და ვიწრო აქვს ან ფართო და მოკლე. ნაყოფიც დიდ ვარირებას განიცდის პონცირუსის ნაყოფის სიდიდიდან, ფორთოხლის ნაყოფის ოდენობამდე; ის მრგვალი, ბრტყელი, ოდნავ მსხლისებრი ფორმისაა როგორც გლუვზედაპირიანი, ისე ბორცვიანი, ტიტველი ან შებუსვილი, ყვითელი ლიმონის ფერიდან – მოწითალი ნარინჯის ფერამდე. კანი სქელი აქვს, პონცირუსისმაგვარი, არასასიამოვნო არომატით. ხორცი (რბილობი) უხვწვნიანი, სიმჟავე-სიტკბოს და სიმწარის სხვადასხვანაირი შეფარდებით. ციტრანჟების, როგორც ხეხილოვანების, სამეურნეო მნიშვნელობა ნაკლებია, გემოთი ფორთოხლებს ჩამოუვარდებიან.
ციტრანჟ „რუსკი“
ჩვენში ციტრანჟ „რუსკი“-ი გვხვდება ცალკეულ ეგზემპლარად. ხე პატარაა, პირამიდული ვარჯიანია, უხვად შეფოთლილი, მუქ-მწვანე, სამფოთოლაკიანი და ერთეულა ფოთლებით. ნაყოფი პატარაა, ნარინჯისფერი კანით და მრავალი, არასასიამოვნო სუნის ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. რბილობი წვნიანია, ძლიერ მჟავე, თესლი თითო-ოროლა ან სულ არა აქვს.
ციტრანჟი „კოლმანი“
ციტრანჟი „კოლმანი“ წარმოადგენს სქელვარჯიან, საკმაოდ მაღალ და დიდ ხეს. ყვავილები საშუალო სიდიდისაა, ნაკლებად შებუსვილი, ნაყოფი საშუალოზე დიდი, ბრტყელი, ღია ნარინჯისფერი, ბორცვიანი ზედაპირით. კანი საკმაოდ სქელია, რბილობი მწვანე-ყვითელია, უხვწვნიანი, მომწარო-მომჟავო, საკმაოდ ნაზი და სასიამოვნო არომატით, თესლი არა აქვს.
ციტრანჟი „მორტონი“
ციტრანჟი „მორტონი“. ხე ძლიერ ჰგავს პონცირუსს, ხოლო ფოთლები უფრო დიდი აქვს, ნაყოფი არაჩვეულებრივი სიდიდისაა, მისი წონა – 500 გრ, ნარინჯისფერი ნაოჭზედაპირიანი, მრავალი ჩამჯდარი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ხორცი წვნიანია, მომწარო-მჟავე, მაგრამ სასიამოვნო. შეიძლება გამოყენება კვების მრეწველობაში, ტექნიკური გადამუშავებისათვის. საკმაოდ ყინვაგამძლეა.
ციტრანჟი „სავაჯი“
ციტრანჟი „სავაჯი“ მეტად ცუდი არომატიანობის გამო წარმოადგენს უმნიშვნელო ფორმას. ხე ძლიერ ვარჯიანია; ფოთლებში ხშირია ერთფირფიტიანები. ნაყოფი მოგრძოა, ფორთოხალზე მომცრო, შებუსვილი ნაოჭზედაპირიანი, ღია ნარინჯისფერის, თხელკანიანი; ხორცი ყვითელია, უხვწვნიანი, მჟავე-მწარე. ნაყოფი გარეგნობით ფორთოხალს გავს, მაგრამ გაცილებით მცირეა, მწიფდება ადრე, თესლი მცირე რაოდენობით აქვს.
„ციტრანჟკვატები“
სხვა ციტრანჟები ზემოაღწერილზე უფრო ნაკლები ხარისხის არიან. მათში ჭარბობს პონცირუსის უარყოფითი თვისებები, საერთოდ კი ყველა ციტრანჟის ნაყოფები ცუდი გემოსია. ასეთ არასასურველ ნიშანთვისებათა თავიდან ასაცილებლად წარმოებული იქნა მათი შემდგომი შეჯვარება კინკანებთან, რამაც წარმოშვა ეგრეთ წოდებული „ციტრანჟკვატები“, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი ზრდა და მეტად მჟავე ნაყოფი. ისინი ლიმონის სუროგატს წარმოადგენენ.
„ციტრანჟკვატებში“ ყველაზე უკეთესად ითვლება „თომასვილი“. ის ძლიერ ეკლიან, ვერტიკალურად მოზარდ, საკმაოდ ძლიერ ხეს წარმოადგენს. შეფოთლილია ნაირ-ნაირი ფოთლებით როგორც სამფოთოლაკიანი, ისე ერთფირფიტიანით. ნორჩ ყლორტებსა და ტოტებზე ფოთლები მეტწილად სამფირფიტიანია. ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა, მოგრძო ან ოვალური. ყვავილობა უხვი იცის, გვიანი, მაგრამ კინკანებზე ადრე. ყვავილები პატარაა.
ნაყოფი ოვალური ან კვერცხისმაგვარია, მეტად წვრილი, 25-40 გრ. წონის, 4,5 სმ. სიმაღლის და 3,5-4,0 სმ. დიამეტრში. ზედაპირი გლუვია, წვრილი და ჩამჯდარი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. კანი თხელია, 0,3 სმ, ყვითელი. გულის ღერძი პატარაა. ხორცი ლამაზი, ყვითელი ფერის, ტკბილ-მჟავე, სასიამოვნო გემოსი. მწვანე ნაყოფი მომჟავო-მოტკბილოა. სეგმენტები – 7-9, მახვილსოლისებრი, ყვითელი ფერის. საწვნე უჯრედები პატარაა, მძივებისმაგვარი, წვნიანობა ნაკლები აქვს, თესლი რაოდენობით – 3-7, მომწვანო ყვითელი ფერისაა, საფარი ქალაძასთან ვარდისფერია, ლებნები მწვანეა, მრავალი ჩანასახით. დიდად ყინვაგამძლეა და ძვირფას მასალას წარმოადგენს ტექნიკურად გადამუშავებისათვის, მეტადრე მარმელადების დასამზადებლად.
ვ. სვინგლეს მიერ აწერილია კიდევ „ტელფაირი“ და „სინტონი“, მაგრამ ისინი „თომასვილს“ არაფრით სჯობიან.
„ლაიმკვატები“
„ლაიმკვატები“ წარმოადგენენ ლაიმისა და კინკანის ჰიბრიდს. სვინგლეს მიერ მიღებულ 28 ლაიმკვატში ყველაზე უფრო თვალსაჩინოა ლაიმკვატი.
„იუსტის“
„იუსტის“-ი, რომლის ერთ-ერთ მშობელს წარმოადგენს კინკანი „მარუმი“. „იუსტისი“ წარმოადგენს დაბალ ბუჩქს, სპეციფიკური, დაშვერილი ზრდით, რაც გამოწვეულია ტოტების სიწვრილითა და სიგრძით. ახასიათებს განუწყვეტელი მსხმოიარობა და უხვმოსავლიანობა. ფოთლები სქელი, პატარა, ორივე ბოლოსკენ წამახვილებული, უფრთო და მოკლეყუნწიანი აქვს. ნაყოფი ოვალურ-კვერცხისებრად შეწვრილებულია ფუძისკენ. ლამაზი, ლიმონისმაგვარი, ღია ყვითელი ფერისაა, გლუვ და ბზინვარე ზედაპირიანი, ცოტა ტკბილი კანით. ეთერზეთოვანი ჯირკვლები მრგვალია, გულის ღერძი – პატარა (2 მმ). ხორცი (რბილობი) ღია მწვანე, წააგავს ლიმონის ხორცს, მეტად ნაზია; წვენი – ცხარე-მჟავე გემოსია, სეგმენტები სოლისებრი მოყვანილობისაა, რაოდენობით 7-8, თესლის საშუალო რაოდენობა 8-12-ია, ნისკარტიანია, მწვანელებნიანი. შიგა საფარი ვარფისფერია, ქალაძასთან უფრო მუქია. ყინვის გამძლეობა კარგი აქვს.
„ტანჟელო“
„ტანჟელო“ ეკუთვნის უაღრესად საინტერესო ჰიბრიდებს. მიღებულია ტანჟენირისა და გრეიპფრუტის შეჯვარების შედეგად. ცნობილია ასეთი ტიპის ბუნებრივი ჰიბრიდები. მაგალითად, ერთი მათგანი „ტემპლი“ 1936 წელს შემოტანილია ჩვენში. „ტემპლის“ წარმოშობა საბოლოოდ გამორკვეული არ არის. ზოგის აზრით ფორთოხლისა და მანდარინის ჰიბრიდია. მათზე გაცილებით უკეთესია ხელოვნურად მიღებული ტიპები, რომლებიც ფორთოხალს უფრო გავს, ვიდრე სხვა რომელიმე ციტრუსს. გემო, არომატი, წვენის თვისება, მათი მაღალი შეფასების საფძველია, მაგრამ მეტადრე ყურადღების ღირსია: „სამპსონი“, „ტორტონი“, „ვილიამსი“, „ლაიკი“, „სემინიოლი“, „მინოლა“ და სხვ.
„ტანგორი“
ტანჟელოებისაგან არსებითად განსხვავდება ეგრეთ წოდებული „ტანგორები“, ანუ მანდარინი „უნშიუსი“ და ფორთოხლის ჰიბრიდები, რომელთა შორის ცნობილია ტანგორი „იუმატილა“. იგი ძლიერ გავს „ტანჟელოს“ და განირჩევა წვნიანი, ნაზი, მდნობარე, მეტად გემრიელი ხორცით.
ჰიბრიდებში მეტად საყურადღებოა სახეთა შიგნით შეჯვარებით მიღებული ტიპები, როგორიც არის მანდარინები: „კარა“, „კინოუ“ და „ვილკინგი“.