ნატოს დაზვერვის ორგანოები
ნატოს დაზვერვის ორგანოები - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულებები, რომლებიც უძღვებიან ბლოკის წევრი ქვეყნების ეროვნული დაზვერვების ძალისხმევის კოორდინაციისა და ურთიერთქმედებების ორგანიზაციას, აგრეთვე სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავებას და მართვის უმაღლესი ორგანოებისათვის მიწოდებას.
ნატოს ძირითადი სადაზვერვო ორგანოებია: გაერთიანებული საერთაშორისო სამხედრო შტაბის დაზვერვის სამმართველო, ნატოს ოპერატიული ცენტრი და ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების კოალიციური შტაბების სადაზვერვო სამმართველოები (განყოფილებები).
სამხედრო დაზვერვის დარგში ბლოკის მონაწილე ქვეყნების ურთიერთქმედებების ზოგად პრინციპებს და მათდამი მოთხოვნებს ამუშავებს ნატოს სამხედრო კომიტეტი - ბლოკის სამხედრო სტრუქტურის უმაღლესი ორგანო. ცენტრალური რგოლის ფუნქციებს ნატოს სამხედრო კოალიციური სადაზვერვო ორგანოების სისტემაში მთლიანად ასრულებს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის სამმართველო, რომელიც გამოირჩევა დაკომპლექტებისა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით. სადაზვერვო ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროებს წარმოადგენენ ნატოს ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები.