ნაცარქათამა
ნაცარქათამა - ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველაა, მთავარღერძიანი ფესვით, სწორმდგომი. ყვავილედი თავთავისებრ საგველასებრი აქვს. აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +4-60, ოპტიმალური +18-24OC. აღმოცენება მარტიდან გვიან შემოდგომამდე, ყვავილობა ივნის-სექტემბერში, ნაყოფიანობა აგვისტო-სექტემბერში. ერთი მცენარე საშუალოდ 3000 კაკლუჭას იკეთებს. აღმოცენება 8-10 სმ სიღრმიდან. ხასიათდება ხანგრძლივი აღმოცენების უნარით. იზრდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებსა და ნარგავებში, მდელოებზე და გზისპირებზე. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.
ნორჩი ფოთლები და ყლორტები საკვებად გამოიყენება. სამკურნალო ნედლეულს ყვავილობის პერიოდში შეგროვილი მცენარის მიწისზედა ნაწილი და თესლები წარმოადგენს. ბალახი შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, საღებავ ნივთიერებებს, სტეროიდ სიტოსტერინს, ლიპიდებს, ეთერზეთებს, მჟაუნმჟავას, ფენოლკარბონულ მჟავებს (ვანილინის და ფერულის), ასკორბინის მჟავას და სხვა ვიტამინებს (B1, B2, E, კაროტინს),უჯრედისს. თესლებში აღინიშნება – ცხიმზეთები, ტრიტერპენული საპონინები, მცირე რაოდენობით ალკალოიდები, პროტეინები.
ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ხასიათდება ანტიბაქტერიული, ექსტროგენული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, საფაღარათო, შარდმდენი და მუცლის ჭიების საწინააღმდეგო მოქმედებით. ბალახის ნაყენი ხალხურ მედიცინაში შინაგანად გამოიყენება ხველებისა და ბრონქების დაავადებების, ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭის ტკივილებისა და აშლილობის, წყლულების, საკვებმომნელებელი ორგანოების სპაზმებისა და ანთების, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ელენთის ტკივილების, ნევრასტენიის, ისტერიის, შაკიკის, დამბლის, კრუნჩხვებისა და მაღალი ოფლიანობის დროს.
გარეგანად იხმარება კბილების კარიეზის, ჭრილობების შესახორცებლად, დერმატიტებისა და კანის სხვა დაავადებებისას.
თესლების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ორგანიზმიდან აზოტის დიდი რაოდენობით გამოყოფას, წარმოიქმნება ნერვული სისტემისა და საკვებმომნელებელი ორგანოების დაავადებები.