ნახუცრიშვილი გაგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნახუცრიშვილი გაგა – (1971), ქართველი პოეტი. დაიბადა მოსკოვში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 530-ე სკოლა, 1993 წელს კი − თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი. 1995-1997 წლებში იყო ისტორიის მასწავლებელი; 1996-2000 წლებში – ჟურნალისტი; კითხულობს ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; თანამშრომლობს ჟურნალ „ანაბეჭდთან”. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „უაზრო მგზავრი” (1996), „სიმარტოვე” (2000), „გამგზავრება და მოლოდინი” (2002), „უცაბედად” (2006), „სხვანაირი დრო” (2007), „გოგო ფა ევროპა” (2009).
- გადაბრუნებული დედამიწა
- არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
- და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,
- სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,
- დედამიწა რომ გადავაბრუნო.
- რომ არაფერი აღარ შევცვალო
- და დასალევიც უკვე დავლიე,
- რომ აღარავინ არ შევიყვარო,
- მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.
- არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,
- არ მინდა რამეს ცილი დავწამო,
- მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლში
- და გარეთ მოდის მყუდრო საღამო.
- არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,
- და არ ვარ ბოლო და არც პირველი,
- ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,
- ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.
- არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
- და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,
- სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,
- დედამიწა რომ გადავაბრუნო.