ნდობის განმტკიცების ღონისძიებები
ნდობის განმტკიცების ღონისძიებები – საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა სამხედრო საქმიანობას ინფორმაციული და საკონტროლო ხასიათის ზომების დადგენის გზით ურთიერთგაგების, მოულოდნელი თავდასხმის ან არასანქცირებული კონფლიქტის აღკვეთის, ასევე განიარაღების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ამ ინსტიტუტის იურიდიულ გაფორმებას საფუძველი ჩაეყარა 60-70-იან წლებში მთელი რიგი შეთანხმებების მიღებით (სამხედრო საქმიანობის შეზღუდვის, არასანქცირებული მოქმედების შედეგად ბირთვული ომის აღკვეთის შესახებ), რომელთა ნორმები მიზნად ისახავდა უნდობლობისა და შემთხვევითი კრიტიკული სიტუაციების წარმოშობის აღკვეთას. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დოკუმენტები წარმოადგენს ნდობის განმტკიცების ღონისძიებების, როგორც საერთაშორისო უშიშროების სამართლის ინსტიტუტის, დამოუკიდებელ ჯგუფს. ევროთათბირის დასკვნითი აქტი 1975 შეიცავს დოკუმენტს ნდობის განმტკიცების ღონისძიებებისა და უშიშროების და განიარაღების ზოგიერთი ასპექტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: სახმელეთო ძალების მსხვილმასშტაბიანი სწავლების შესახებ წინასწარი შეტყობინება; დამკვირვებლების გაცვლა სამხედრო სწავლებებზე დაწესების მიზნით, სამხედრო ხაზებით გაცვლის ხელშეწყობა, სამხედრო დელეგაციების ვიზიტების ჩათვლით. შემდგომი დაკონკრეტება ნდობის განმტკიცების ღონისძიებებმა მიიღო ევროპაში ნდობის განმტკიცების, უშიშროებისა და განიარაღების ღონისძიებათა სტოკჰოლმის კონფერენციის 1948 დოკუმენტსა და ვენის დოკუმენტში ნდობისა და უშიშროების განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ (1990), რომელიც უფრო ავითარებს და აფართოებს სტოკჰოლმის დოკუმენტს. ეს დოკუმენტები მოიცავს შეთანხმებას ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოუყენებლობის შესახებ ნებისმიერი ფორმით; ითვალისწინებს ინფორმაციის ყოველწლიურ გაცვლას ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა გამოყენების ზონაში სამხედრო ძალების, შეიარაღებისა და ტექნიკის ძირითადი სისტემების გაფართოების გეგმების, სამხედრო ბიუჯეტების შესავსებ. შემუშავებულია ღია კონსულტაციისა და თანამშრომლობის მექანიზმი სამხედრო ხასიათის საშიშ ინციდენტებთან მიმართებაში. დაკონკრეტებულ და გაფართოებულ შეტყობინებითი ხასიათის ღონისძიებათა მოცულობა, კერძოდ, სამხედრო საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობს 13 ათასზე მეტი ადამიანი, ექვემდებარება წინასწარ შეტყობინებას წერილობითი სახით 42 დღით ადრე ამ საქმიანობის დაწყებამდე. სავალდებულო ღონისძიების სახით გათვალისწინებულია სახელმწიფოთა სამხედრო საქმიანობის ყოველწლიური გეგმების გაცვლა წერილობითი ფორმით არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ნოემბრისა, ნდობის განმტკიცების ღონისძიებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ინსპექცია, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებებით.