ნემიროვის კონგრესი 1737
ნემიროვის კონგრესი 1737, (რუსეთისა და ავსტრიის, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ოსმალეთის იმპერიის მონაწილეობით) – მიმდინარეობდა 16 (27). VIII-11(22).XI უკრაინის დაბა ნემიროვში (თანამედროვე ვინიცის ოლქი) რუსეთ-თურქეთის ომის (1735-39) დროს. მოიწვიეს თურქეთის ინიციატივით, რომელიც მოითხოვდა, რომ ავსტრიას დაებრუნებინა მისთვის ბელგრადი და თემეშვარი, გადაეხადა 10 მლნ გულდენი. მოლაპარაკების დროს რუსეთის დელეგაციამ თურქეთისაგან მოითხოვა რუსეთ-თურქეთის ყველა ადრინდელი ხელშეკრულების გაუქმება და მათი შეცვლა ახალი ხელშეკრულებით: რუსეთისათვის ყუბანის, ყირიმის, ასევე დონისა და დუნაის შესართავებს შორის მდებარე მიწების გადაცემა: მოლდავეთისა და ვალახეთის გამოცხადება დამოუკიდებელ სათავადოებად, რომლებიც ისარგებლებდნენ „ერთმორწმუნე“ რუსეთის მფარველობით და შეასრულებდნენ ერთგვარი დამცავი ბარიერის როლს რუსეთისა და თურქეთის კონფლიქტში; პორტას მიერ რუსეთის მეფეთა საიმპერატორო ტიტულის აღიარება; რუსული სავაჭრო გეგმების თავისუფალი ნაოსნობა შავ ზღვაზე; პორტას მიერ კარლოვაცის ზავის პირობების კეთილსინდისიერად შესრულება, რომელიც ეხებოდა „რეჩ პოსპოლიტას“ ხელშეუხებლობას.
რუსეთის მოთხოვნებმა მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია თურქეთის მხრიდან და შეაშფოთა ავსტრია, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა მოლდავეთისა და ვალახეთის ტერიტორიის ნაწილზე, ასევე სერბეთსა და ბოსნიაზე. რუსეთი, თავის მხრივ, უკმაყოფილო იყო ავსტრიის მისწრაფებებით. თურქეთის არმიამ გამოიყენა რუსეთ-ავსტრიის წინააღმდეგობები და დაიწყო ბალკანეთზე შეტევისათვის მზადება. კონგრესი უშედეგოდ დასრულდა. რუსეთსა და თურქეთს შორის განახლდა საბრძოლო მოქმედებები. კონგრესის ჩაშლაში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა ფრანგულმა დიპლომატიამ, რომელიც აქეზებდა თურქეთს ომის გასაგრძელებლად.